დღე უცნაური გარდაცვალების


ქრება სიცოცხლე, ჭკნება ვარდები,
დღე უცნაური გარდაცვალების.
ჩაესვენება მთაწმინდის მთვარე,
ვარსკვლავნარევი მკრთალი ლანდებით.

ქრიან ქარები ელდანაცემი,
მიწას ფენია ფოთოლი სველი.
და სიყმაწვილის თითქოს გამქრალი
სადღაც ისევე ბჟუტავს ნათელი.

ქრება სიცოცხლე, ლა ბლონშე Rose,
კრთომით, რიდით და სევდანარევი,
გარდაიცვალე, მახსოვს დღე იგი,
დღე უცნაური გარდაცვალების.

და დაიწერა ეს ისტორია,
თეთრი ღამით და ნაქარნარევი,
კვლავ დაიბადე იმედად, როცა
ცაში აფრინდნენ შავი ვარდები.

მიმძიმს ვიხილო აწმყო წყვდიადში,
გაყინულია სამარის კარი,
გული კი მაინც აგრძელებს ფეთქვას
უიმედო და განაბზარები.

ბინდისფერ ცაზე la blanche Rose,
როგორც ზმანება დემონურ ძალით,
გონს ეფინება ბინდბუნდის ხიბლით,
ვით სიმაისის ნაპერწკალები.

მე დაგისახე ერთადერთ ხატად
და მოიწამლა ფიქრი აპრილის. 
განუზომელი სევდა ხარ მარად,
არწივის ფრთებში ფეთქვა მაისის. 

ცას ეფინება ლანდი მთრთოლვარე
და შებინდების მელანქოლია,
თუმცა კი სადღაც ამ დროს აისის
გაისმის გრგვინვით კვლავ ჰარმონია.

გული - გაბზარულ, სული - არნახულ
ფეთქავს ნოემბერის ცაზე გაზაფხულს,
მიწას ფენილი სველი ფოთოლი
ოქროსფერ ფიქრით ქუჩას გაართობს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი