ეძინა ქალაქს


ო, რა ღრმა ძილით, როგორ ბავშვივით  
ეძინა ქალაქს 
და თვლემა-თვლემით,   
სიზმრად წარსულის მოგონებებით  
კრთებოდა ძილში ზოგჯერ ანაზადად.  

სუნთქავდა მშვიდად, ხანაც სიმძიმით
ენარცხებოდა ჰაერი მიწას, 
იქავ მზის პირის სადარაჯოზე 
გოდება ქალის ცის კიდეს მისწვდა. 
 
სახება მისი ვით მაცხოვარის, 
იყო ჯვარცმიდან გარდამოხსნილი, 
ძველი დროების შთამაგონარი, 
იმავ დროების ძაძით მოსილი.  

ეძინა ქალაქს ამ სისხამ დილით, 
მე კი ფიქრებით კვლავ მოუსვენრად,  
ქუჩებში მავალ ნაწილაკებად   
ვისახებოდი, ვით მტვერი ალაგ. 

ქარი მაცლიდა ფოთლებს აისის,  
მტოვებდა გაძრცვილ ჩვილი ბავშვივით, 
ვხურდავდებოდი მე მონეტებად, 
გზადაგზა მავალ მათხოვარივით. 

ჰაერი ფილტვებს მივსებდა ჭმუნვით, 
მე, საუკუნო ფიქრებით მავალს, 
ვისახებოდი ფუჭ იმედებად,  
თბილისურ ეზოს აივანივით.  

ახლა დროება იგი წარსული, 
მე მახსენდება ტკბილ მოგონებად, 
სახეს მედება ნიაღვარივით,  
Მოგონებები ტალღებად ღელავს.  

სიყვარულების მოაჯირებით 
და საყრდენებით მავალ განცდებით,   
სიგიჟის ზღვარზე მყოფი ყვავილის 
ფესვები ხმება, ვით ეფემერა. 

აღარ თენდება, აღარც ღამდება, 
აღარ დადგება შვენება დღეთა! 
იმედებს ვისხამ, დრო გააჩერეთ! 
იქნებ საოცარ განთიადივით  
ვიხილო იგი სამოთხე სიზმრად. 

ისევ წყვდიადი, ისევ სიზმარი 
და ღამეული ზმანება დარდად,  
გულს მოედება არიმანივით  
ცეცხლმოკიდებულ ალების დარად. 

და მახსენდება ძველი დროება, 
როცა გავრბოდით,  
უმწეო ყოფით აწმყოს ვაქრობდით, 
ეს იყო მაშინ, ჯერ კიდევ მაშინ, 
როდესაც მშვიდად ეძინა ქალაქს. 

მოგონებები ფოთოლთ შრიალში დაიძრა, 
მტკვარის დინებას გაჰყვა, 
და მე ვიხილე ანგელოზები,   
როგორ ლამაზად უგალობს ქალაქს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი