Souvenires Fragiles
ზეცაზე წირად აღიბეჭდება წამი, რომელიც ჩემთან გაშორებს, კვლავ დაბრუნების ნეტარი ფიქრით, გონი განიცდის ღრმა პითაგორებს. სვეტი ნათელი, ვით დისკო მზისა, ხანგამოშვებით სიბნელეს აფრქვევს, შავ-თეთრი მნათის გრძნეული ტალღა ქარგავს და კვირტავს ფიქრთ ქრიზანთემებს. სიზმრისეული ვერხვისებრ ღამის ვარ მოჩვენება და დროში ვარდნა, საათის ისრის წრიულ ბრუნვებით მონმარტრის თაღზე ფრთებით აღმასვლა. საათის ისარს მივყვები აღმა, იქ, სად სიცოცხლეს ეძლევა ძალა და ვკარგავ დროის წამიერ განცდას. მე, ვით ფოთოლი თავდავიწყებით აყოლილი ქართა ტრფიალებს, საათის ისრის აფეთქებებით ვკარგავ სიცოცხლეს, ვეცლები მიწას. სულისშემძვრელი ბორგვა სხეულს მიწამლავს, მანგრევს, იქვე წარსულის გაელვება ტვინის კარს აღებს და ხვეულებში მიმოფანტავს უსულო ვარდებს. ფასადებზე ამოზრდილი წრიულ ბრუნვებით დაიხლართება გველივით ბედი, ირონიული, ნაცადი ხერხით. გავცდი სასრული სამყაროს საზღვარს, გრაციოზული მამკობს არშია. აქ და ამ წამს შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, წამიერი გაელვებებით სიცოცხლე გაჰქრეს, მოჩანს სასახლე, დაფერფლილი იმედის მთვარე, ცაზე კი ისევ აგრძელებს კრთომას, ლივლივებს ბედი, ვით თეთრი გედის მოხდენილად აწვდენილიალმასის ყელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი