ვით ელისეის ვარდი
ის ერთი შავი კაბა ეიფელური შარმით, დაშრიალებდა სწრაფად, ვით ტოტებს შორის ქარი. შავი ატლასის კაბა - იდუმალება ღამის. როგორც ნატიფი სევდა, ელეგანტური დარდი. აშრიალებდა კაბას მელოდიური ჰანგი და დასავლეთის ცაზე, ტანგოს ხაზავდა გაბმით. ეს იყო ნაზი რხევა მაჯადოებელ ძალის, თითქოს ნაზავი სევდის და სიამაყის განცდის. შავი ატლასის კაბა, მწველი, მცხუნვარე ალით. მხრებში მოხრილი სევდა, მუხლმოკეცილი დარდი. და შრიალებდა კაბა, დინჯად, ამაყად, გაბმით, ეფინებოდა არეს მელანქოლია ღამის. და გაიშალა კაბა ვით ელისეის ვარდი, თან გააყოლა მავანს მან პარიზული დარდი. კვლავ აშრიალდა კაბა ილუზორული ფანდით და დაუკარგა მავანს მოსვენება და აზრი. ქალის სხეულის აჩრდილს სერავდა შავი ღამე, ათინათები წამით გზას უნათებდნენ ტანდემ. კაბის შრიალზე სწრაფად ქარი დაჰქროდა ღამით, ის ანიჭებდა ზეცას მომხიბვლელობას ქალის. ღამე ირხევა ნაზად ვით ანარეკლი სარკის, ღვთისმშობლის ტაძრის სარკმელს ამკობს შვენება ქალის. მახსოვს მხიბლავდა კაბა და შარიშური ქარის, ცაზე ვარსკვლავთა წყება, გამჭვირვალობა ღამის. დღესაც შრიალებს კაბა მრავალფერადი განცდით, ვით გაზაფხულის დილა, იებით შლილი, ნაზი. ქარი კი დაჰქრის სწრაფად, სულ უფრო სწრაფად დაჰქრის, სენას მიჰყვება სევდა და სილუეტი ქალის. უჩინარდება კაბა როგორც სიზმარი ღამის, მოეფინება არეს Champs Élysées-ის ვარდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი