***


დაბრუნდი ლექსო,
შენ აღარა ხარ ამ ქვეყნად მარტო.
შენშია ძალა,
შენშია ვნება,
შენში ფარული არს სიყვარული.

მაგრამ ქარები ამორძალივით
ამოვარდება გამოღმით მხარეს,
და თავს დამტყდარი ელვათკრთომებით
მოიქუფრება ზეცა მდუმარე.

მახსოვს ჩამოწვა მეწყერი ბნელი,
და ჩაიხერგა გზები მავალი,
ვეღარ ვიხილე ბილიკი, იქ, სად
დაწვენილია სულის ტაძარი.

ჰოი საწუთროვ, ირონიულო,
სად გადამაგდე, რისთვის მატარე,
იად ამოსვლა მომნატრებია
ძველ ბუჩქის ძირას, მაისის მთაზე.

მომენატრება და მიწას გავკვეთ,
ფესვსაც გავირთხამ ისევ ძლიერი,
არ დანებდება ია მარტივად,
ბუნება არის მის მადლიერი.

ხვალ კი კამარას კვლავ შეატოკებს
ქარით შრიალა თეთრი ვერხვები,
ია მიღიმის გამოღმით მხრიდან,
მახსოვს ვუწოდე გუშინ იმედი.

მედგარ კლდეებთან მე დავივანებ
ფიქრით მართალით, ფიქრით ძლიერით
მხარეზე, სადაც ჯერაც მთენია
და არწივები ფრთაამაყშლილნი
თავდავიწყებას კვლავ ეძლევიან.

შორეულ მხარეს ვუწოდე მიწა,
რომელიც ახლა უფრო ჩემია!
ეს სტრიქონებიც, როგორც ქარები
ერთი მეორეს ეჯიბრებიან.

აქ სათნოება უზენაესი
მიმოიბნევა დანა მძივებად.
და გამარჯვების ძალით ძლიერით
მტევნები მტევნებს კვლავ ეგებება.

წალკოტის ცქერა მესალბუნება,
გამოღმით მხარეს ისრებს გავისვრი,
ამობრწყინდება ცის კაბადონზე
სათნოებათა დასთა აისი.

კვლავ შეივსება ფიქრის ფიალა,
ნაზ სიყვარულით, ვით მზე მაისის,
და ვარდობისთვეს დაკრეფილ იებს
წვიმის წვეთებით თმაში გავიშლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი