La Morte Belle


სიკვდილი წამით იყო გაქრობა
მელანქოლიურ თეთრი ძაფებით,
მოჯადოებულ ვიდექი, მახსოვს,
ცისა და მიწის გზაგასაყარზე.

და მზერა ჩემი ისე წყლიანი,
ვით ღამენათევ ფიქრთა ელვება,
იყო ისევე ფერად-ფერადი,
ვით გაზაფხულით გულის ძგერება.

წვიმდა ბროლისფერ თვალთა ბაგეზე
სხივთა ნათელი გამოელვებით,
და მშვენიერი იყო საღამო
წარსულთან ნაზი გამოსალმების.

და გული ჩემი, ცაზე მაღალი,
ყიოდა სულის მიუსაფრობას,
მე პოეზიით ვიყავი მთვრალი,
ვით ალუბლებით ზამთარში თოვა.

სიკვდილი წამით იყო გაქრობა
თვალთაგან ბნელის და ნათლის ხმობა,
და გაცილება თეთრი ვარდებით,
უხსოვარ დროთა, უხსოვარ დროთა.

სიკვდილი იყო საღამო მყუდრო,
ვით ფოთოლთ ტყეთა ბინდბუნდში ქროლვა,
და საამური, ჩიტის ზარივით, 
მუხლმოდრეკილი კაბებით ლოცვა.

მე მივდიოდი ფიქრით ამ გზაზე,
ფიქრით, რომ სადმე შევფერადდები,
და წამიერად ფიქრმა ალერსით
გადამიყარა გულზე დარდები.

თუმც კი ხანდახან შეტოკდებოდა
გული ჭმუნვით და ეკალ-ნარევი,
ცეცხლმოკიდებულ ქარავანთ ქროლვას
გაჰყვა ვარდები შავი თვალებით.

მიილულება, მიიბნიდება
დამაშვრალ ვარდთა შავი თვალები,
დავეხეტები ქარით და ქართან,
ამ უქარებო შემოგარენში.

მე მემძიმება, სუნთქვა არ კმარა
ამ უჰაეროდ სავსე ღამეში,
და მემძიმება შენი გაშვება
ქარით მოტანილ კორიანტელში.

მე მემძიმება შენი სასახლე,
საფლავის ქვების ფოთლებით ქარგვა,
და ვიწყებ ფრენას მეც ლაჟვარდებში,
ქარით, ქარით და ქარდაქარ —
ხარ და,
ვარ და,
და მე „ავად“ ვარ.

17 მარტი 17 ნოემბერს,
სამყაროს რითმას სიცოცხლეს აცლის
და მე ვიგრძენი, რომ მოახლოვდა
წამი, როდესაც სიკვდილი არ ღირს!
და გული ფეთქავს სიცოცხლეს განცდილს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი