Buona notte


ღამის სამი საათია,
ქარები კი ღელავს, ღელავს...
თვალ-წარბ-წამწამთ ეფინება
ქართა დასის ნაზი ელვა.
იქარგება სიმფონია ვით ზღაპარი
ვარდისფერი,
და იწყება წამიერი,
იდუმალი ფერვა ბგერის,
ცა ირთვება სტროფებით და
ლექსით ვარდზე უნაზესით.

ღამის სამი საათია პოეტისთვის აღმაფრენა,
გულზე ბინდის გადადენის და სიამის
Primavera.
ცის კაბადონს წირებს ხაზავს,
და იშლება ცაზე ლექსი,
მწიფე ვარდის კოკორივით
სურნელებით უმძაფრესი.

ღამის სამი საათია დანისლული ღრუბელთ ფიქრით,
გაირინდა ცაზე ნისლი, ქარები კი ფრენენ რიდით,
და პოეტი ელის მორიგ აღმაფრენას ცისნამ-ცისკრით,
დაე, იგრძნოს განსხვავება გულმა
ციურ-პარაკლისის.

როგორც სნეულს მოჰგვრის შვებას
საუკუნო ძილი, თვლემა,
ისე მინდა მარად მესმას უკვდავყოფის ეს სიმღერა.
ხმა ნათელი მეუბნება: ჰე, პოეტო,
მზით ხარ შლილი,
ფესვ-ღეროებ-ყლორტობით არს ლექსი შენგან ნაზად თლილი.
მიწას ახსოვს საუკუნოდ სიტყვა შენი შენაპირი.

ღამის სამი საათია, ქარები კი ღელვით მფერავს,
გადამაქცევს გრიგალებად,
ზღვის ტალღების გულის ძგერად.
ბნელ საათის ისრები კი წინ გარბიან მოუთმენლად.
დააბრუნეთ წამი უკან!
მინდა იყოს ღამის სამი,
ღამის სამი იყოს მუდამ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი