***


ოჰ,მე მწყურია, რარიგ მწყურია, 
დავწერო ისე, მთები გადავდგა, 
და ამ მაგიურ ჟინს სიცხოველის ზენა მიმძაფრებს, რწმენა თან ახლავს. 
 
გრძნეულ ღამეებს თვალს ვერ ვუსწორებ, ზეცით მთვარეებს ვუხმობ, 
არა მწამს!  
მე ამ ხეების ეს სიშავთეთრე, უსიცოცხლობის არსში რომ მხლართავს. 
 
ისევ ბიძგები, ისევ ვირთვები მე ბნელ ფიქრებით, სვლებით ქარდაქარ, 
კარდაკარ დარდით ქუჩაში მავალს, 
ეს ზეციური წვიმა თან მახლავს. 
 
არ დაიჯერო თრობა და ქროლვა შფოთვაა შორით მიმავალ ქართა, 
არ დაიჯერო გაზაფხულდება, თუკი ქარები ჰქრიან ნოემბრის. 
 
არ დაიჯერო ვარდობის თვეა, როცა მაისებს შიათ ქარები, 
როცა ახლოა გზაგასაყარი ცის სასწაულის დასამარებით. 
და ატმოსფერო სავსეა თითქოს არიმანული ბნელი ძალებით. 
 
ნოემბრის ღამევ, შენ სიცხადე ხარ! 
შენ სიგიჟე ხარ ამინდის, გრძნობის! 
შენ მაგიური ძალის ხიბლი ხარ, 
ურცხვად რომ ამხელ სიშიშვლეს გრძნობის. 
 
ნოემბერს მოსავს უბრალოება, 
ფერად-ფერადი ფოთლების ვალსი, 
ის გეცეკვება ტანგოს და გათრობს, 
მერე ლამაზად სცენიდან გაქრობს. 
 
ფიქრი გარინდდა შორით მწვერვალზე, გამომაისდა ნოემბრის ცაზე, 
ფიქრი ფაქიზი, ფიქრი მღელვარე, 
თავზე მეცლება ვით სავსე მთვარე. 
 
ელდით ვარ სავსე, გულზე ლოდია, მატარებელი მიჰქრის ქვეშეთში, გადმორელსდება ეს მელოდია, აღიმართება როცა ზეშეთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი