Il cielo sta fiorindo
იქნებ რიჟრაჟი სულის ხსნა იყოს, გადაწითლდება ცებზე აისი, გაყინულ ხეებს ფოთოლგაცვენილს შემოაკვირტოს მარტმა მაისი. იქნებ რიჟრაჟზე ციდან დავიწყოთ ჩვენ აღმაფრენით მიწას დაშვება, ცაზე არწივი ირწევა თითქოს, თავისუფლება ცით ლაჟვარდდება. ეს უპირობო ხსნა უნდა იყოს, ცისკარს შობილნო მთებს ეფინებით, სხივებით მორთავთ მზისებრ სამყაროს, მარგალიტებად აკინძავთ ღრუბელთ, ავდრებს დარებით უყენებთ გუბეს. ცისკარს შობილნო, რა გული უძლებს თქვენს სილამაზეს?! დღეს მე ვარ უტყვი! მადლობას გიხდით რომ განმიახლეთ და მომანიჭეთ სიცოცხლე სრული. ეს სულ სხვა ხსნაა, სხვა ნეტარება, ოჰ, რა ლამაზად ფეთქავს აისი, ამ გრაციოზულ სილამაზეში არის რაღაცა თითქოს საშიში. სარკმლიდან სიოს ნაზი ამბორი ცივი ქარების ქროლვას მავიწყებს, ის განმიახლებს სიცოცხლის წყურვილს წყეულ ღამეებს რომ დაამიწებს. გადაცისფერდა ტრამალი დილით, ია, კესანე, ყოჩივარდები, და მე მაგიჟებს ეს სიმარტივე, აღარ დავეძებ ღამის აჩრდილებს. გულში ხომ ახლა სულ სხვა შფოთია! გადმოჩანჩქერდა სიცოცხლის ძალა, სამყაროს ეგზომ ჰარმონიული La Primavera მარადიული. ღმერთო, დამთავრდა ღამის კოშმარი, არიმანებით მართული ძალა, მინდა ვიხილო ალიონები, ლაჟვარდოვანი კამარა მარად. დღისით და ღამით, მთაში და ბარად მე დავინახე ნუგეში ცაზე. გრაციოზულად ფეთქავს აისი. მასპინძელი ვარ ამიერიდან, ბოდიში, ღამევ! აღარ დაგიცდი. გათენებისას ერთი წამია, როცა სიამით ივსება გული, შორით შორს ცები წითლად ყვავიან, ნარინჯისფერი თვალთ მიდგას ტბორი. წითელ-ყვითელი ფენებად წყება და იისფერი ზოლები შუბლზე, როგორ მაღლდება ფერებით ზეცა, ამიმელნისფრდა ხაზები წუხელ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი