ფოთლების შემგროვებელი


წელს ცივი ზამთარი გვექნება, სევდანარევი ხმით მითხრა ნიკუშამ და მიუხედავად იმისა, რომ ღუმელს რომელშიც დეიდაჩემი ხაჭაპურს აცხობდა ისე ვიყავი ჩახუტებული ლამის ცეცხლი წამკიდებოდა, მისმა სიტყვებმა, უფროსწორად მისმა შიშნარევმა ხმამ მთლიანად გამყინა, ვიგრძენი როგორ შენელდა სისხლის მოძრაობა და იქვე ნაჯახ ჩასობილ, ჯერ კიდევ შეშად გადაქცევის მოლოდინში მყოფ მორზე ჩამოვჯექი, ნაჯახს ხელი კარგი ძმაკაცივით მოვხვიე და ისეთი სახით შევხედე ნიკუშას თითქოს მიხვდა, რომ შემეშინდა.
-	შენი აზრით ეშინია?  მკითხა ნიკუშამ
-	ვის?  რისი?   ვერ მივხვდი  და გაკვირვებულმა ვუპასუხე
-	მორს, ნაჯახის? !
-	არა. არამგონია რაიმეს გრძნობდეს, ან თუ როდესმე ქონდა გრძნობის უნარი ამდენხანს მაინც დაკარგავდა.
-	არ დაკარგავდა.  მცირეოდენი  დუმილის შემდეგ ისე ხმადაბლა თქვა, რომ სხვა ვერ გაიგებდა, მე შეჩვეული ვიყავი მისი ხმის ტემბრს და მარტივად ვგებულობდი რას ამბობდა, მითუმეტეს მაშინ როცა საუბრის დროს თვალებში ვუყურებდი.
-	ალბათ ბედს ეგუება, განაგრძო საუბარი ნიკუშამ. - მაგრამ საინტერესოა ნაჯახის უფრო ეშინია თუ ცეცხლის? ცეცხლის რომელიც მას ფერფლად აქცევს, მის სიდიადეს საბოლოოდ დაასამარებს და მისგან ლანდსაც არ დატოვებს. ის ჩემზე უკეთესია. წვავ, გათბობს და მაინც  ისეთ ხმას გამოსცემს თითქოს გეფერება, გეალერსესება, ჭკუას გარიგებს და ცხოვრებაზე გაფიქრებს, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, კეთილი თუ ბოროტი, ყველას ერთნაირად ექცევა. მე კი... მე კი არათუ ყველას არამედ მათაც კი ვერ ვეფერები, ვერ ვათბობ ვინც მიყვარს და ცხოვრებას მირჩევნია.
-	შეყვარებული ხარ?  აღარ ვაცადე საუბრის გაგრძელება
-	მე მთელი ცხოვრებაა შეყვარებული ვარ, მაგრამ ჩემი სიყვარული დიდიხანია სიძულვილს გავს
-	სიყვარული სიძულვილს როგორ გავს?
-	როგორ? უძრავად ვდგავარ, თითქოს პირიც ამოკერილი მაქვს, რომ მივიდე დედასთან, მამასთან, დასთან ან თუნდაც შენთან და გითხრა, რომ მიყვარხარ. რათქმაუნდა ეს ყველაზე მარტივი ჩანს ერთი შეხედვით, ხოლო როცა ყველაზე მარტივსაც ვერ ვაკეთებ მაშინ სად არის ჩემი სიყვარული? მხოლოდ ჩემშია და ვგრძნობ როგორ ბორგავს, როგორ უნდა რომ ჩემგან გაიქცეს და ყველა თქვენთანაგნთან ერთად იყოს, მე კი იმდენად ძლიერად ვდგავარ რომ არ ვაძლევ უფლებას, სხვას ვერაფერს დავუდექი ასე მყარად, თუმცა კი ვხვდები თქმა რატომ მიჭირს, რომ გითხრა მიყვარხართქო საქმითაც ხომ უნდა დავამტკიცო? აი ეს კი ნამდვილად რთულია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.
-	მითხარი ნიკუშა, მე არ მოგთხოვ საქმით დამტკიცებას, ღიმილით ვუთხარი მე
-	მიყვარხარ ჩემო ძვირფასო! მაგრამ ხვალ რომ დაგჭირდეს ჩემი სიყვარული, აღმართში მიმავალს, გამიჭირდება შენი დახმარება და აღარც ჩემს ნათქვამ სიყვარულს დაიჯერებ, რომელიც ბევრჯერ გაგახსენდება აღმართში მყოფს, რადგან ადამიანს ამ დროს ახსენდება ყველა ვისაც როდესმე რაიმე პირობა მიუცია ან თუ ვინმესგან სიყვარული უგრძვნია...
-	კი მაგრამ, რატომ გაგიჭირდება?
-	იმიტომ რომ მეც აღმართში ვარ გაჩერებული. აღარ მაქვს ძალა რომ გავაგრძელო მოძრაობა, თითქმის გადავლილი აღმართიდან უკან ვბრუნდებები, არა, კიარ ვბრუნდები, ვგორდები.
-	არ მჯერა იმის, რომ არავინ გეხმარება უკმაყოფილოდ ვუთხარი მე და რათქმაუნდა ჩემს თავსაც ვგულისხმობდი.
-	არა ჩემო კარგო, მე უკვე იმ აღმართში ვარ, სადაც მხოლოდ მე შემიძლია დავეხმარო საკუთარ თავს, მხოლოდ მე შემიძლია მოვიკრიფო ძალა ბოლომდე ასასვლელად, ამ აღმართამდე კი თქვენ ყველამ ერთად მომიყვანეთ.
 რადგან ასეთ თემებზე არასოდეს გვისაუბრია, უხერხულად ვგრძნობდი თავს, ცოტა ვჭამეთ და დავწექით, იმ დღეს ნიკუშასთან ვრჩებოდი.
-	ნიკუშ, ერთი სული მაქვს როდის გათენდება და თბილისში წავალთ, იცოდე მთელი ქალაქი უნდა დამათვალიერებინო შენებურად, როგორც დამპირდი.
-	კი აუცილებლად, პირობას შევასრულებ. ძილინების
-	ძილინების, ვუპასუხე მე.
 თავი ისე მსუბუქად დავდე ბალიშზე თითქოს ღრუბლებში ჩავეშვი, მეც მეტი რა მინდოდა შემეძლო მთელი ღამე მეოცნება. ოცნება ალბათ ყველა ადამიანს უყვარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მე განსაკუთრებით, ყველა ირგვლივ მყავს ოცნებაში, ჩემს ქვეყანას ვაშენებ, ყველაზე მეტის მცოდნე ვარ და ამავედროს ყველაზე მდიდარი. ნაცნობებსაც და უცნობებსაც რომლებსაც მინდა ვიცნობდე  თანაბრად ვუყოფ ჩემს სიმდიდრესა და ცოდნას. ყოველთვის ოცნებაში ღრმად შესულს მეძინება, ვეღარ ვასწრებ იმის ნახვას თუ ვინ რაში იყენებს ჩემს სიკეთეს.
  ყოველ დილით შეჯიბრი მქონდა მზესთან, თითქმის ყოველთვის ვიმარჯვებდი რადგან ძილი არ მიყვარს, მენანება ცხოვრება ძილში გასაფლანგად, ოცნებეში ვამჯობინებდი მის ხარჯვას. დღეს კი რა  დამემართა არ ვიცი, ყველამ მომასწრო გაღვიძება, ალბათ ბევრი ვიოცნებე დღევანდელ დღეზე.
-	მე მზად ვარ! დაიძახა ნიკუშამ
-	მეც მზად ვარ! შევძახე და ოთახიდან ასკინკილით გავედი, რომ დავენახე და ფეხსაცმლის ჩაცმა მერე გავაგრძელე.
-	კისერს ნუ მოიტეხ, არ გაგეპარები!
-	ვიცი, ვიცი ნიკუშ!  და მაშინვე მის მანქანაში ამოვყავი თავი.
-	არავის დაემშვიდობები? მკითხა გაკვირვებულმა
-	არა, სამუდამოდ ხომ არ მივდივართ აქედან
-	კარგი წავედით, ისე ცუდი ბიჭი ხარ!
-	გეთქვა გუშინ, მანქანას გაგისუფთავებდი, რამდენი ფოთლებია ასე მგონია ჭადრის ძირში ვზივარ.
-	მთელი კვირაა ვაგროვებ, ხომ იცი ძალიან მიყვარს შემოდგომა, შემოდგომის ფერები, განსაკუთრებით ოქროსფერი ფოთლები, რაღაცას მაგონებს.
-	რას გაგონებს? ღიმილით ვკითხე
-	ზღვას, მზის ჩასვლას, მომენტს როცა მთელი ზღვა ერთ დიდ შემოდგომის ფოთლად გადაიქცევა ხოლმე.
-	შენ რომ მითხარი, იმ წიგნებიდან რამდენიმე წავიკითხე, ყველა მომეწონა, განსაკუთრებით ,,მარტის მამალი” . მიმახვედრა  თუ რა შეუძლია ერთად ყოფნას, რამხელა ძალა და იმედი მოაქვს.
-	ყოჩაღ, მიხარია...  მაშინ აუცილებლად გაჩვენებ იმ ადგილს სადაც ღმერთები ისვენებენ და ემზადებიან...
-	რისთვის ემზადებიან ნიკუშ?
-	გამოღვიძებისთვის!  ყველა იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად რომელიც ჯერ გვაფიქრებს, მერე კი გვადუმებს.
-	ზოგჯერ ძალიან მაბნევ ხოლმე, ვუთხარი მე და მისი საყვარელი პოემის მოყოლა დავიწყე, რომელიც საბოლოოდ მაინც მისი მოყოლილი გამოვიდა იმდენჯერ შემისწორა.
 ნაშუადღევს უკვე თბილისში ვიყავით, მანქანა რუსთაველის მეტროსთან გააჩერა და მითხრა - აქედან ფეხით წავიდეთ.  თან მთხოვა, გზაში ლამაზი ფოთლები შემეგროვებინა, თვითონ კი ყველგან ჩერდებოდა სადაც ყვავილებს ყიდიდნენ, როგორც მივხვდი წითელი კამელიას ყიდვა უნდოდა, რადგან საიდანღაც ქონდა ინფორმაცია, რომ წითელ კამელია იმ ადამიანისთვის იყო განკუთვნილი ვინც გულში სიყვარულის ცეცხლს ანთებს. კამელია ვერ იშოვა. ამიტომ საბოლოო არჩევანის გაკეთება წითელ და ვარდისფერ მიხაკს შორის მოუწია და ვარდისფერი აიღო. -	რატომ ვარდისფერი? არ დააყოვნა ჩემმა შეკითხვამ და მისგან რათქამაუნდა საიტერესო პასუხს ველოდი
-	ვარდისფერი მიხაკი მისთვისაა განკუთვნილი, ვისაც ვერასოდეს დაივიწყებ. 
გამიღიმა ნიკუშამ და თან მიხაკი ცხვირთან ახლოს მომიტანა, მეც დავკმაყოფილდი პასუხით და მერე რამდენიმე წუთით დავდუმდი როცა ქუჩის კუთხეში ჩაკეცილი მოხუცი დავინახე
-	ნიკუშ, ბევრი მათხოვარია არა თბილისში?
-	არასოდეს უწოდო ვინემს მათხოვარი!  სანამ მის თვალებში არ ჩაიხედავ, სანამ მის ცხოვრებაზე ის მაინც არ გეცოდინება რისთვის ითხოვს მოწყალებას, თუ ამას გაიგებ მიხვდები რომ ყველა ვინც მოწყალებას ითხოვს მათხოვარი არაა, და პირიქით არიან ისეთები ვინც მოწყალებას გასცემენ სხვის დასანახად, სანაცვლოდ კი აღიარებას, შექებას ან უბრალოდ რაიმე პრივილეგიას ელოდებიან, ასეთ ადამიანებს კი შეგიძლია თამამად უწოდო მათხოვარი.
 საკმაოდ მკაცრი, დამრიგებლური ტონით მითხრა, და სიარული გავაგრძელეთ. ისედაც ძალაგამოლეული ნოემბრის მზე აქა-იქ გამოანათებდა, მაგრამ მეგონა რომ ყველა სხივს მე მახარჯავდა ისე მათბობდა გამონათების დროს. ალბათ უნდოდა სტუმრისთვის პატივი ეცა.
-	ვიცი, რომ ძლიერი ხასიათის ადამიანი ხარ, მაგრამ მიხაკი ისე სათუთად გიჭირავს ხელში, ვხვდები რომ საკმაოდ ბევრი სუსტი წერტილი ექნება შენს ხასიათს. გავეხუმრე მე ნიკუშას
-	ახალი უნარი აღმოაჩინე შენში? მემგონი თბილისის დამსახურებაა. მანაც ხუმრობით გამცა პასუხი.
-	ხედავ ეკლესიას? მის ეზოში ისვენებენ ღმერთები. 
 ხელებში მომაჩერდა, მხოლოდ ერთი დიდი ყვითელი ფოთოლი მეჭირა და ისიც მისი მოცემული.
-	ამ აღმართში ბევრი ლამაზი ფოთოლი შეგხვდება და ამაკრეფინე
-	აი! ხეზე! რა ლამაზია! აღტაცებულმა დავიყვირე და მოწყვეტა დავაპირე, თუმცა გაშლილ ხელში მწვდა ნიკუშა  და მითხრა. - ეგ არა! ისედაც რამდენიმე დღის სიცოცხლე ექნება დარჩენილი და ნუ მოუსწრაფებო!  მართლაც იმ ხის ბოლო ფოთოლი იყო.
ავედით, დაახლოებით ათამდე ფოთოლი შევუგროვე და მივეცი, მერე საფლავები დამათვალიერებინა და თან ყველას ისტორიას ისე საინტერესოდ მიყვებოდა არცერთზე არ გამიჩერებია და არ მითქვამს, რომ მე უკვე ვიცოდი ეს ყველაფერი.
-	ესენი ყველა ღმერთები არიან! თავისი საქმის ღმერთები!
 ბოლოს ოთარ ჭილაძის საფლავთან მიმიყვანა, საფლავის ირგვლივ ფოთლები დაალაგა, საფლავზე კი ვარდისფერი მიხაკი დადო და მითხრა,  - იმის გარდა რომ იგი თავისი საქმის ღმერთი და სამშობლოს ანგელოზია, მე მას ჩემს ანგელოზადაც ვთვლი და ყველაფერს მისგან ვსწავლობო. მერე ცრემლები წამოუვიდა და ჩუმდა წარმოთქვა:
,, მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა
  რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი”
ეს სიტყვები მისი საყვარელი პოემიდან იყო, რომელსაც მე გზაში ვუყვებოდი.
იმ დღეს დროზე ადრე გადაყლაპა ღრუბელმა მზე და თისქმის სიბნელე იყო როცა უკან ვბრუნდებოდით, თუმცა ლამპიონები  ანათებდნენ გზას. დაღმართში ნიკუშამ იმ ხესთან შემაჩერა რომლიდანაც ფოთოლი უნდა მომეწყვიტა, ავიხედე და სწორედ ამ დროს მოწყდა ხიდან და ჩემს ფეხზე დაეცა, ნიკუშა დაიხარა აიღო და თქვა:
-	ხედავ როგორ ქრება სიცოცხლე? რა რჩება მისგან?
-	ფოთლისგან რა უნდა დარჩეს? გაკვირვებულმა ვკითხე
-	ფოთლისგან სილამაზე რჩება და მოგონება! მე გეკითხები ჩვენგან რა რჩება?
-	თუ მოვინდომებთ ჩვენგანაც სილამაზე და მოგონება დარჩება. ვუპასუხე მე დაბნეულმა.
-	მართალი ხარ! თუ მოვინდომებთ! თუ მოვინდომებთ! და გახარებული გადამეხვია, რამაც ძალიან სასიამოვნო გრძნობა გამოიწვია ჩემში.
  რესტორანში ვჭამოთ თუ სახლში?  სახლში ვჭამოთ ჯობია, არ მინდა მთელი ქონება კუჭის გავსებაში გადამახდევინონ, ვუთხარი მე.
მანქანაში ჩავჯექით და სახლში წავედით.  -რაღაც უნდა გთხოვო, ეს წერილი გამომართვი და მეოთხე სართულზე აიტანე, მარჯვნივ დააკაკუნებ და ნებისმიერს დაუტოვე ვინც გამოგხედავს, უთხარი, რომ ნინოსთვისაა.
 -კარგი. გამოვართვი წერილი და სადარბაზოში შევედი, მეორე სართულზე შევჩერდი, ჩემდა უნებლიედ მარტივად დაკეცილი წერილი გავშალე და წავიკითხე:
,,აღარ აპირებ ჩემს ნახვას, ამბობ რომ ემგვანები ნახმარს. თვალებში გიდგება ცრემლების ზღვა, ბედნიერებას განიჭებს სხვა კაცის ხმა.  მე ვიცი მთავარი რა   არის! გაჰყევი ოცნებას სიცოცხლეს არ გაცდის! მეც გიგებ, გისრულებ შენს თხოვნას, მიდივარ მდაბიო! ”
 მე გავშრი, წერილი დავკეცე და ისე ჩუმად, რომ მე თვითონაც ვერ გავიგონე მისი ხმა კარებზე დავაკაკუნე, მაშინვე უკან გამოვბრუნდი არ დაველოდე კარების გაღებას და წერილი ნაკუწებად ვაქციე, ერთ მუჭში მოვათავსე და ჯიბეში ჩავიყარე. მანქნაში ჩავჯექი და თამამად ვუთხარი , - წავედით!  დავტოვე წერილი.  გულში კი ვფიქრობდი, ყველა იმ ადამიანს ვიხსენებდი ვისაც ვიცნობდი და არავინ მახსენდებოდა იმაზე უკეთესი ვიდრე ნიკუშაა, ადამიანი რომელიც საკუთარ თავს მდაბიოს უწოდებდა, იქნებ  ამიტომაა სხვებზე უკეთესი რომ ამის ძალა აქვს? ვფიქრობდი თან მრცხვენოდა ჩემი საქციელის, მრცხვენოდა მისი წერილის რომ წაკითხე.
-	ნიკუშ შეყვარებული ხარ?
-	გუშინაც ხომ გითხარი, რომ მთელი ცხოვრებაა შეყვარებული ვარ, ღიმილით მიპასუხა მან
-	სიძულვილს რომ ამსგავსებ იმ სიყვარულზე არ გეკითხები, უკვე ძალიან სერიოზული ტონით ვკითხე მე.
-	ვიყავი ჩემო ძვირფასო, ვიყავი, თუმცა როდესმე ვინმეს ისევ შევიყვარებ, იმაზე ძლიერად ვიდრე წარმომიდგენია, რომ სიყვარული შემიძლია. აუცილებლად მივცემ ჩემს თავს ამის უფლებას. უნდა მოვინდომო! უნდა მოვინდომო რომ სილამაზე და მოგონება ჩემგანაც დარჩეს!
 ეხლა უკვე მე გადავეხვიე გახარებული ნიკუშას და ვთხოვე სადგურზე წავეყვანე რადგან სახლში დაბრუნება მინდოდა
-	რას ამბობ?! დღეს მაინც დარჩი ცოტა დავლიოთ და ვისაუბროთ! 
-	არა, გთხოვ გამიგე! უნდა წავიდე, მართლა ცუდად მოვიქეცი რომ არავის დავემშვიდობე დილით
-	რამე გაწყენინე?
-	არა პირიქით, ხომ იცი შენს გვერდით ყოფნა როგორ მიყვარს, მალე ჩამოვალ 
-	კარგი,  რადგან ასეთი სურვილი გაქვს წაგიყვან
 სადგურზე დამემშვიდობა და მითხრა თავს ნუ მომანატრებო. მეგონა, რომ  მთელი გზა იმაზე ვიფიქრებდი სწორად მოვიქეცი თუ არა წერილთან დაკავშირებით, მაგრამ ფიქრი ოთარ ჭილაძეზე დავიწყე,  მომინდა მასზე ყველაფერი მცოდნოდა, ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი წამეკითხა რაც მან დაწერა, მინდოდა მეც შემენიშნა მასში ის რაც ნიკუშამ შენიშნა, ან იქნებ მე კიდევ რაიმე ახალი შევნიშნო მასში ნიკუშასგან განსხვავებული?    
რიკოთის გვირაბს რომ გავცდი უკვე მენატრებოდა ნიკუშას ხმა და მისი სევდიანი თვალები, ფანჯრიდან გავყურებდი ხან გზას, ხანაც ცას და სულ ახლახანს მივხვდი, ვის მაგონებდა ყოველთვის, მუდამ მოწყენილი მთვარე.


                                            ეძღვნება ოთარ ჭილაძეს
                                                    2015 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი