სარკე


დიდიხანია ვიცნობ ამ ბიჭს, სარკიდან უკმაყოფილო სახით რომ მიყურებს დღეში მინიმუმ ორჯერ, ვცადე რამდენიმეჯერ გასაუბრება, თუმცა უშედეგოდ, საუბარს არ მაცდის, ამყვება ხოლმე ისიც, კარგს ვეტყვი თუ ცუდს, სამწუხაროდ არ მესმის რას ამბობს, საწყალი მუნჯი ყოფილა არადა რა ახალგაზრდაა. თვალებში ვატყობდი წერა უნდა ცოდნოდა, როგორც მერე მივხვდი სარკე არ აძლევდა წერის უფლებას და სიმუნჯეც სარკეს დავაბრალე.
            არ მინდოდა მასთან მეგობრობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმდენად ხშირად გადაიკვეთა ჩვენი გზები, იმდენად ხშირად გვიწევდა შეხვედრა, აღმოჩნდა  მის გარდა, მასავით სანდო ჩემს ირგვლივ არავინ იყო, თანაც ყველა საიდუმლოს იოლად ვანდობდი, ვერ ლაპარაკობს და ვერ წერს, ერთი სიტყვით მისგან ღალატი გამორიცხული იყო, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენს ურთიერთობაში.
             ყველაფერში ცდილობდა ჩემთვის მოებაძა, სიმართლე ვთქვა ეს ფაქტი სიამოვნებას მანიჭებდა, იშვიათად უსიამოვნებასაც. ვფიქრობდი, თუ მისაბაძი ადამიანი ვარ ესეიგი სწორად ვცხოვრობ და კმაყოფილი ვიყავი. როგორც ჩანს კმაყოფილებიდან ადამიანის დაღუპვამდე რამდენიმე ნაბიჯია და ამ ნაბიჯებსაც სიამოვნებით დგამს ადამიანი, რაც ყველაზე გასაკვირია, ჩქარობს დაღუპვას. 
           ჩემი მუნჯი მეგობარი რომელიც ყველაფერში მბაძავს, ისეთივე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც მე, რათქმაუნდა ეს ყველაფერი მისი მომბაძველობის ბრალია, რაც ჩემში კმაყოფილებას იწვევდა და საბოლოოდ მისთვის ცუდი შედეგით დასრულდა.
მას შემდეგ დიდხანს ვარიდებდი თავს, მახსოვს ბოლოს ერთ-ერთი დაწესებულების ლიფტში შევხვდით,   მეგობართან ერთად ვიყავი, მასაც მეგობარი უმშვენებდა გვერდს, რომელმაც ტელეფონი მოიმარჯვა და  სურათი გადაგვიღო. ცოტა დავიბენი, როგორ მოახერხა ამ მუნჯმა ასეთი გოგოს გვერდით ყოფნა? ბევრი არ მითვალიერებია, მაგრამ როგორც სახეზე შევატყე საკმაოდ ბედნიერი ჩანდა უჩემოდ, ჩემი მუნჯი მეგობარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი