,,9”


ყოველთვის როცა რაღაც უსახურს ვუყურებ თვალებს ვხუჭავ და შენზე ვფიქრობ ეველინა, როცა მშვენიერებას ვუმზერ  არ მჭირდება ფიქრი, ისედაც ჩემს თვალწინ ხარ, ბუნება ალბათ ერთადერთი არ არის რომელცმაც ყველაფერი შენთვის გაიღო და შენს არსებაში გააერთიანა.
      ეველინა,  თვალები ყველგან გხედავს,   აზრი არ აქვს შენ  რა მანძილით ხარ  დაშორებული, მაგრამ სიტყვები ამხელა მანძილს ვერ ფარავს და გზაში იშლება, ფერს კარგავს, იცვლება და მახინჯდება. არასოდეს მიცდია ჩემი სიტყვები შეუცვლელი გრძნობით მომეტანა შენამდე...  მე მეშინია...
      ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა სამყარო შეიქმნა, როცა მინდორზე პირველმა კაცმა დადგა ფეხი და ისე მოეწყინა რომ ღმერთმა მისთვის შექმნა მხიარულებისა და ბედნიერების მიმნიჭებელი ძალა...
      მეც დავიბადე და სულში როცა ხარობდა ია - შენ გაგიცანი, გაგიცანი პატარა, მშვიდი, სიცოცხლით სავსე, სილაში გქონდა ორივე ხელი და ჯერ ცხოვრება არ ეხებოდა შენ მშვიდ თვალებს და ლამაზ ფიქრებს...
      დუმილს მივყიდე სული, მაგრამ დღეს ვარღვევ დუმილის ცნებას და მე არ ძალმიძს რომ კვლავ დავდუმდე, ჩემი დუმილი შთანთქავს სამყაროს ჩემს ირგვლივ, ანადგურებს მზეს რომლმაც უნდა გამათბოს და ამრუდებს გზას რომელზეც უნდა ვიარო...
      პირველი სხივი მაშინ მოხვდა ჩემს მიწას როდესაც გამიღიმე, ამ სხივმა გააღვივა ნერგი რომელიც დღესაც არ ვიცი რა ნაყოფს გამოიღებს...
     დრო გადის და შენ იზრდები ეველინა, შენი გონიერება აღემატება შენს ასაკს, შენი და წიგნის ურთიერთობა იმაზე მეტად გაღრმავდა ვიდრე ორი ადამიანის ურთიერთობა შესაძლებელია გაღრმავდეს...
     შენ ახლა იწყებ სამყაროს შეცნობას და ვიცი რომ ბევრს ფიქრობ, სხვაგვარად არც წარმომიდგენია, მე კი იმაზე ვწუხვარ რომ ეს ფიქრები ჩემამდე არ მოდის, მე არ მწვდება და არ შემიძლია მისი გაზიარება, გააზრება და შესისხლხორცება... მიზეზი კი  დრო და მანძილია ჩვენს შორის...
     იცი ეველინა, ირგვლივ ყველაფერი უფერულია უშენოდ, უკვე მრავალი წელია ასე გრძელდება, მე ბევრჯერ ვცადე თავის დაღწევა, მაგრამ ვერასოდეს გავიქეცი შენგან, ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ დარჩენის სურვილი მაქვს, ჩემს ილუზიებს და სურვილებს მომავალი არასოდეს  ჰქონია...
     როგორ ფიქრობ ეველინა, ეს სასჯელია? თუ საჩუქარი? თუ სასჯელია მადლობა ღმერთს, ღირსეულად შევძელი მეტარებინა, თუ საჩუქარი ალბათ აწი მომიწევს ღირსეულად ვატარო...
    რა შეიძლება იყოს სიყვარულზე ძვრიფასი? -სამშობლო? - სიცოცხლე? მე ბევრჯერ მინახავს უსიყვარულოდ დარჩენილი კაცი, მას  არც სამშობლო ენაღვლება და აღარც სიცოცხლე, სიყვარული უპირველესად სურვილია, სურვილი იყო თანაზიარი იმის ვინც გიყვარს, რაც გიყვარს, მხოლოდ ღვთისაგან დალოცვილ სურვილს აქვს ძალა, რადგან მხოლოდ ასეთი სურვილი პოულობს ხნულს სადაც შეძლებს სიყვარულად ჩამოყალიბდეს და აღმოცენდეს...
     ეველინა, მე უკვე გითხარი რომ მეშინია, მეშინია სიტყვები შეუცვლელად, პირველყოფილი გრძნობით მოვიდეს შენამდე, შენი მზაობა  არ არის საკმარისი, მაგრამ დღეს დამთავრდა ეს შიში, ვგრძნობ როგორ მორბიან გრძნობები, ოცნებები, ფიქრები და შენ გულში შემოჭრას ცდილობენ...
     მე ყველაფერი მახსოვს, მეხსიერება საჩუქარიცაა და სასჯელიც, მაგრამ ძალიან ძნელია ჩემს ასაკში მხოლოდ მოგონებებით ცხოვრება...
     ო ეველინა, ეველინა... შენი სიყვარულის სურვილი ატლანტად მაქცევს, უშენობა კი იმაზე რთულია ვიდრე ცის თაღის ხელებით შეკავება...
    შენ მალე 18 წლის გახდები ეველინა, ახლა  შენს სულში იწყებს ია ცხოვრებას... მე კი ... მე კი სარკეში ჭაღარას ვითვლი  და ცხოვრებისთვის დრო აღარ მრჩება...
                                                                          ავშანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი