გაჭირვების სამი ფეხი
ოთახში ჩაკეტილს იმაზე ფიქრი მიწევს რამდენი დღე დამრჩა... კიდევ რამდენჯერ შევაღებ საკლასო ოთახის კარებს, რამდენჯერ გავცემ იმ სითბოსა და სიყვარულს რომელითაც უკვე 37 წელია უწყვეტად ვივსები და უანგაროდ ვურიგებ ჩემს მოსწავლეებს... როგორც ჩანს ადამიანის ცდუნება მხოლოდ ეშმაკის საქმე არ ყოფილა, შემზარავია და შეუძლებელი ცოტახანს მაინც არ დაგაფიქროს ასეთმა ურცხვმა შეთავაზებამ, თვალებში ნაცარს გვაყრიან იქნება და ძალიან ლამაზად მოგვეჩვენოს მათი მზაკვრული ჩანაფიქრი. ჩემი დღე - ღამის ოთხ საათზე იწყება, იწყება ისე როგორც უნდა იწყებოდეს ნებისმიერი ჭეშმარიტი დილა მასწავლებლისთვის, კვლავ ხელში ვიღებ წინა დღით გასწორებულ ნაშრომებს, განმეორებით ვკითხულობ და ვცდილობ აღმოვაჩინო ნემისმიერი მინიშნება, ნებისმიერი პრობლემა რომელიც შეიძლება მოსწავლეს ქონდეს და თავისუფალ თემაში მასზე მესაუბრებოდეს... აი თუნდაც პატარა მონაკვეთი ბარბარეს თავისუფალი თემიდან რომელსაც ,,გაჭირვების სამი ფეხი“ დაარქვა : ,,მამა ყოველთვის მამაა, დედა კი ზოგჯერ დედაზე მეტია, ბებიასავით მომეხვევა, წინდებს მიკერავს და რაც ყველაზე მთავარია მასწავლებელივით ცდილობს ჩემში ლიტერატურის სიყვარული ჩანერგოს“ . ბარბარე ჩემი შვილიშვილია... და რას ვგრძნობ ახლა? იმას რომ არ უნდა ბებიობასაც დედა უწევდეს, ნამდვილად რთულია იყო შენი ოჯახის წევრის მასწავლებელი, ამ დროს ოჯახურზე მაღლა აკადემიური ურთიერთობები დგება, მაგრამ მე დღეს მაინც ჩავეხუტები ბარბარეს. წინდების მოქსოვას კი სამწუხაროდ ვერ დავპირდები. რვა საათზე უკვე სკოლაში ვარ, მეორე სართულზე ვჯდები და ბედნიერი ვუყურებ მოსწავლეების შემოსვლას სკოლის ეზოში, მას შემდეგ რაც სკოლა გაარემონტეს თითქოს ბავშვები უფრო სწრაფი ნაბიჯით მოდიან სკოლაში, უფრო ხალისით, შეიძლება მეჩვენება კიდეც მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არააქვს, მთავარია რომ მათი მონდომება და საგნის მიმართ ინტერესი ჩემში როგორც ყოველთვის სიამაყის და სტაბილურობის გრძნობას იწვევს, ვგრძნობ რომ ჯერ ისევ შემიძლია ვასწავლო და მერქვას მასწავლებელი, ჯერ ისევ მაქვს უფლება ვიყო ზომიერად მკაცრი თუ მათ საახეს უინტერესობის კვალს შევატყობ. დღეს ოთხშაბათია, ეს დღე ერთხმად გამოვაცხადეთ პოეზიის დღედ და შესაბამისად მე როგორც პოეზიის დიდი მოყვარული განსაკუთრებულად ველი ჩემი მოსწავლეების მიერ მომზადებულ ლექსებს, ლექსები კი მათივე სურვილის და გემოვნების მიხედვით არის შერჩეული. გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კვლავ შემახსენეს ჩვენი პატივსაცემი მთავრობის შემოთავაზება, რასაც თან ჩემი შვილის წერილი დაერთო ტელეფონზე, მისი წაკითხვა ჭრილობაზე მარილის დაყრასავით მტკივნეული იყო... ,,დედა, ძვირფასო, გავიგეთ რომ მასწავლებლებისთვის პრემია დააწესეს, ჩვენ ვფიქრობთ რომ მშვენიერი შემოთავაზებაა, ორი წლის ხელფასი წინასწარ და ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც ჩანს ვიღაც მართლაც დაფიქრდა აქამდე უყურადღებოდ დატოვებულ მასწავლებლებზე და მათთვის შეიმუშავა ეს შესანიშნავი წინადადება რათა ღირსეულად გაატარონ სიბერე, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ. გელოდებით სიყვარულით, ძალიან გვინდა ჩვენთან იცხოვრო თბილისში და იცოდე უარს არ მივიღებთ, მე და ეკას ძალიან გვიყვარხარ და გვენატრები“ დაბნეული 64 წლის მასწავლებელი გინახავთ? დაბნეული იმ ყველაფრით რაც ახლა ჩემს ირგვლივ ხდება, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემი მოსწავლეები ახლა ერთიანად გადამატანინებენ ყურადღებას იმაზე რაც ნადმვილად მიყვარს და მაინტერესებს. გრძნობა რომელიც გეუფლება მაშინ როცა მათ საუბარს და მსჯელობას უსმენ სრულიად სწორს და გამართლებულს და იცი რომ ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა სიამაყის გრძნობას ვერ დაარქმევ, ამ დროს შეგიძლია თავი პრომეთესაც კი შეადარო რომელსაც ტანჯავენ იმისთვის რომ კაცობრიობისთვის გაისარჯა. ჩემი აზრით ნებისმიერმა მასწავლებელმა უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში პრომეთე და არ შეუშინდეს იმ სატანჯველს რომელსაც მისთვის მოამზადებენ, ისწავლოს ბედნიერება- არა ბედნიერად ყოფნით, არამედ ბედნიერებისკენ სწრაფვით. ცოდნა სხვა არაფერია თუ არა სინათლე, სინათლე რომელმაც უნდა გაანათოს ყველაზე ბნელი გონებაც კი, გონება რომელიც მთელ სამყაროს იტევს. ერთი გონების განათებაც კი სამყაროს გარდაქმნისა და მისი წინსვლის საქმეში შეტანილი დიდი წვლილია. ხვალ ორმოცი დღე გადის, ჩვენი დირექტორის გარდაცვალებიდან, ქალბატონი ია, დიდებული სკოლისთვის მუხლჩაუხრელად მშრომელი და მისთვის თავგანწირული ადამიანი იყო, საბოლოოდ როგორც ჩანს ასეც მოხდა, მიჭირს დაჯერება, თუმცა არ მინდა ხმამაღლა ვთქვა, მეშინია სიმართლე არ აღმოჩნდეს, თუ დღეს კიდევ რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი უხეშად ერევა სკოლის ფუნქციონირებაში და მას დამატებით ფუნქციებს აკისრებს ეს სამარცხვინო საქციელი არამრტო სკოლებს არამედ ადამიანობასაც ათწლეულებით უკან ხევს. მე ყოველთვის ვურჩევ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, განსაკუთრებით კი დირექტორებს რომ არ შეუთავსონ სკოლას ის ფუნქცია რომელიც მას არ ევალება. რამდენად ითვალისწინებენ ? ამას მხოლოდ ქვეყანაში არჩევნების მიმდინარეობისას თუ იგრძნობ... ძალდატანება რათქმაუნდა ზოგჯერ შედეგსაც გამოიღებს, თუმცა ეს შეგედი სამუდამო არასოდესაა, სამუდამო შედეგს მუხლჩაუხრელი შრომა ჭირდება, შრომა რომელიც დროებით თვალების ახვევას კიარ ემსახურება, პირიქით თვალებიდან სახვევის მოხსნას და მონაწილეობის მიღებას იმ საქმეში რომელიც ანთავისუფლებს და არა ამონებს, ჩვენ დღეს თვალახვეული მონები არ გვჭირდება, პირიქით თავისუფალი ადამიანები უნდა ავღზარდოთ თავიდანვე ჩაუნერგოთ მათ შიში უსამშობლოდ დარჩენისა და ბედნიერება სამშობლოს ყოველი გოჯის მოფრთხილება რომ იწვევს, რომელიც რასაკვირველია ყველასთვს საკუთარი ოჯახიდან უნდა იწყებოდეს. არ არსებობს ადამიანი რომელიც იტყვის - ოჯახი არ მიყვარს მაგრამ სამშობლოს შემოევლოს ჩემი თავიო. ასეთი ადამიანი თუ შეგვხდებათ როდესმე ნუ დაუჯერებთ, ყველაფრის სიყვარული ოჯახიდან იწყება, იმ კედლებიდან სადაც თავს ადამიანად გრძნობ, სადაც გარემოების სრულუფლებიანი წევრი ხარ. ჩვენ მასწავლებლები ყოველთვის ვცდილობთ ასეთი გარემოს შექმნას მოსწავლეებისათვის რადგან ბოლომდე გაითავისონ, ბოლომდე აღიქვან აქაურობა როგორც ერთი დიდი ოჯახი. აი სწორედ ახლა შევაღებ იმ დიდი ოჯახის კარებს რომელზე გიყვებოდით და ვიგრძნობ ბედნიერებას, ბედნირებას რომლისთვისაც ყველა ჭეშმარიტი მასწავლებელი იღწვის, არ მჯერა მაგრამ თუ მართლა შეიძლება ბედნიერების ხარისხის დადგენა ან მისი გაზომვა ეს ჩემთვის მხოლოდ მოსწავლის ანთებული თვალებია, რომლითად ნამდვილ ბედნიერებას მანიჭებას, ეს ერთადერთია რითაც შემიძლია ვაღიარო ბედნიერების საზომი. მზად ხარ? - შინაგანი ხმა მისვავს კითხვას და ასევე შინაგანი ხმა პასუხობს რომ მზადაა, მეც უფრო ვთამამდები, კარის სახელურს სუნთქვაშეკრული ვწევ, თითქოს მის მიღმა მცირეწლოვან ბავშვებს ძილის საათი ქონდეთ, იღება კარები და ვგრძნობ ყველა მოსწავლის სუნთქვას, მათ თვალებს - მერე ერთმანეთს ღიმილს ვაჩუქებთ და მუშტად შეკრული ხელები ყველას ერთიანად გვეშლება თითქოს დატყვევებულ ჩიტებს თვისუფლება ვაჩუქეთ... სკამზე დავჯექი თუ არა კვლავ წერილი მომივიდა ტელეფონზე, წამიერად გადავავლე თვალი, ისევ ჩემი შვილი მწერდა : ,,დედი, ხვალ ყოფილა განცხადების დაწერის ბოლო ვადა. ძალიან გთხოვ არ გამოგეპაროს, ნიკას და სალომეს უკვე დავპირდი ახალ კომპიუტერებს და ნუ შემარცხვენ ბავშვებთან“ ბოლომდე ვერ წავიკითხე, ესეც საკმარისი იყო მივმხდარიყავი რაში იყო საქმე, რა ხდებოდა ჩემს თავს და ტელეფონი ხელის კანკალით დავდე მაგიდაზე, თმა შევისწორე, რამდნენჯერმე ჩავახველე, ხმის ამოღება არ მინდოდა რადგან ვიცოდი სასოწარკვეთილი ტონი მექნებოდა და ბავშვებს დავზაფრავდი, მიუხედავად ამისა მაინც შემატყვეს ნერვიულობა, რამდენიმემ მკითხა კიდეც ამის მიზეზი მაგრამ მე ვდუმდი და ვფიქრობდი რა უნდა მექნა, ნუთუ ბოლო გაკვეთილს ვატარებ? მე ხომ ჯერ კიდევ შემიძლია? მე ხომ ჯერ კიდევ საჭირო ვარ? თან ჩემს შვილზე ვბრაზობდი, ვფიქრობდი რომ ის ჩემგან უკანასკნელ სარგებელს ელოდა და უკვე ეჭვი მეპარება საკუთარ თავში, ეჭვების გასაქარვებლად ძალას ვიკრეფ და მოსწავლეებს ვეკითხები : ჩემო ძვირფასებო, რას ფიქრობთ დროა თქვენი მასწავლებელი პენსიაზე გავიდეს? ვიკითხე თუ არა მაშინვე უსულოდ დავეშვი სკამზე, მერე უფრო მოხერხებულად დავჯექი და კითხვაზე პასუხებს დაველოდე, ზუსტად ათი წუთი ოთახში სრული სიჩუმე იყო, არც გადალაპარაკება, არც აზრის გაცვლა გამოცვლა, რა დროსაც შუა რიგიდან წამოდგა ერთ - ერთი მოსწავლე და საუბარს იწყებს : მე, სანდრო თავართქილაძე მეათე ა კლასის მოსწავლე, რომელსაც უკვე ხუთი წელია მაქვს პატივი თქვენთან ურთიერთობისა მინდა გითხრათ რომ კითხვა რომელიც თქვენ დასვით სრულიად ააფორიაქა ჩვენი კლასის სრული შემადგენლობა, იმდენად რომ საუბარიც კი გვიმძიმს, თქვენ ჩაგვინერგეთ სიყვარული სკოლის, თანაკლასელის, მასწავლებლის, ლიტერატურის და ასე ნაბიჯ ნაბიჯ მიგვიყვანეთ იმ მთავარი ღირებულების სიყვარულამდე რომელსაც სამშობლო ქვია. თუ თქვენ წახვალთ დიდი დანაკლისი იქნება როგორც ჩვენთვის ასევე მთელი სკოლისთვის, ჩვენ უკვე გავიზარდეთ და კიდევ შეიძლება გავართვათ თავი, მაგრამ ვერაფრით ვერ გაიმართლებთ თავს იმ თაობასთან რომელიც აწი მოდის, აწი ჭირდება ამ საფეხურების გავლა, ჭეშმარიტებამდე მისვლა, თქვენ ალბათ იტყვით რომ შეუცვლელი არავინაა, სწორსაც ბრძანებთ, მაგრამ შეუცვლელობამდე სანამ მივალთ უნდა ითქვას- დანაშაულია მომავალი თაობის წინაშე სრულიად საღსალამათი, სრულიად შესისხლხორცებული სკოლასთან, ადამიანთა დიდი ქომაგისა და მათ გულში ტაძრის ამშენებელი დროზე ადრე, თუნდაც ერთი საათით ადრე გავიდეს პენსიაზე... ამ სიტყვებში უდიდესი სიყვარული და სიმკაცრე იგრძნობოდა, ახლა უკვე ეჭვი არ მეპარება იმაში რომ მე აქ ვარ საჭირო იმ ბოლო წუთამდე სანამ ღმერთი და კანონი მადროვებს. ცრემლიანმა გავუღიმე სანდროს, გული მადლიერების გრძნობით ამევსო, ვგრძნობდი მათ სიყვარულს და იმასაც ვგრძნობდი რომ ეს სიყვარული მომცემდა ძალას რათა არ დავნებებულიყავი, ძალას რომელიც ჭრილობაზე დაყრილი მარილის მოშორებაში დამეხმარებოდა. ხელი მხარზე დავადე სანდროს და ვუთხარი- დავიწყოთ მომზადებული ლექსების მოყოლა, დღეს ხომ ოთხშაბათია. დაიწყეს ბავშვებმა, მაგრამ რა დაიწყეს, სიამოვნებისგან, ბედნირებისგან სახის ყოველი ნაკვთი მითამაშებდა, მიუხედავად ჩემი ასაკისა და ბებრული გამომეტველებისა, ბავშვებთან ურთიერთობა თითქოს მაახალგაზრდავებდა, თითქოს ისევ ის პატარა გოგო ვიყავი პირველად რომ შემოაღო სკოლის კარები და ხელში ვეფხისტყაოსანი ბიბლიასავით ეჭირა. როგორც ხელოსანს შეუძლია დატკბეს თავისი ნაკეთობით, როგორც ექიმს შეუძლია გაიხაროს ავადმყოფის გამოჯანმრთელებით, როგორც მზარეულს შეუძლია გახდეს ამაყი როცა სტუმარი მის მომზადებულ კერძს აგემოვნებს და აღფრთოვანებას ვერ მალავს ან როცა მხატვარი მისი ნახატის სრულყოფილებით ტკბება, ყველა ეს გრძნობა შეიძლება ერთდროულად დაგეუფლოს რაცა შენს მიერ აღზრდილ და წიგნამდე მიყვანილი თაობის სრულყოფას ხედავ, იცი რომ მათი გონებრივი თავისუფლება შენი დამსახურებაა, სწორედ ესაა მასწავლებლის მთავარი ფუნქცია, მთავარი მოვალეობა. სახლში ბედნიერი დავბრუნდი, თითქოს ჩემს მოხუც ფეხებს კიარ მივყავდი არამედ მოსწავლეებმა ფრთები მაჩუქეს და სახლამდეც ფრენით მივედი. ცოტა რომ დავისვენე ბარბარეც დაბრუნდა, მის ოთახში შევედი და გულში ჩავიკარი როგორც ბებიას შეუძლია ჩაიკრას გულში შვილიშვილი, მთელი ძალით და სიყვარულით, არ ვაპირებდი მაგრამ ქუდის მოქსოვასაც კი დავპირდი დაზამთრებამდე, მანამდე კი მომიწევს თავისუფალ დროს ქსოვა შევისწავლო. ის დღე სხვა დღეებზე სწრაფად გავიდა, თითქოს ბუნებამ ფეხი აუჩქარა რომ საბოლოოდ მიიღოს ჩემგან პასუხი კითხვაზე ვრჩები თუ მივდივარ... დღესაც ღამის ოთხ საათზე დაიწყო ჩემი დღე, ავდექი თუ არა ინსტიქტურად სარკისკენ წავედი, ადგომის შემდეგ პირდაპირ სარკისკენ არასოდეს წავსულვარ, დიდხანს ვუყურე საკუთარ თავს სარკეში, მაგრამ იქ ჩემს თავს ვერ ვხედავდი, სიზმრიდან გამოყოლილი ჩემი მოსწავლეების სახეები მეჩვენებოდა, ზოგი თმებს მიწესრიგებდა, ზოგიც ჩემს მაგივრად ასწორებდა საკუთარ ნაშრომს, ეტყობა ჩემთვის საქმის შემსუბუქება უნდოდათ, ვხვდებოდი რომ ეს გამოცდა რომელიც სამინისტრომ და შვილმა ერთდოულად მომიწყვეს ღირსეულად უნდა ჩამებარებინა, პირველ რიგში ჩემთვის, შემდგომ კი ჩემი მოსწავლეებისათვის., როცა გრძნობ რომ ვიღაცას ჭირდები გაასმაგებული ძალით იწყებ ბრძოლას, ამ ბრძოლაში წარმოუდგენელია დამრაცხდე, რადგან დამრაცხებულიც კი მოტივაციად იქცევი სხვისთვის და უფრო დიდ შედეგებს გამოიღებს სამომავლოდ. ტელეფონი მოვიმარჯვე, ჩემი შვილის ორივე წერილი ისევ გულდასმით გადავიკითხე, ხან სიბრაზე მომეძალებოდა ხან კი სინანული, ვფიქრობდი რა მეპასუხა მისთვის, დამერეკა თუ მიმეწერა, თუმცა დარეკვა არ ღირდა რადგან არ მინდოდა ჩემი ბრაზმორეული ხმა გაეგო და გული ტკენოდა, ამიტომ გადავწყვიტე მეც მიმეწერა: შვილო, აკაკი, ძალიან მიხარია რომ შენ და ეკას ჩემთან ერთად ცხოვრების სურვილი გაქვთ, მეც ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. პრემიის ამბავი მეც გავიგე და სიმართლე გითხრა ბევრი ვიფიქრე კიდეც სანამ იმ გადაწყვეტილებას მივიღებდი რომელსაც ახლა პირველად შენ გწერ. დღეს წარმოვიდგინე საკუთარი თავი სკოლის კედლების გარეთ, და ერთადერთი რასაც შემიძლია შევედარო ესაა წყლიდან საკუთარი ნებით ამომხტარი ასე ვთქვათ თვითმკვლელი თევზი- რომელსაც დავემსგავსები თუ ამ ნაბიჯს გადავდგამ. გუშინ როგორც ყოველ ოთხშაბათს პოეზიის დღე გვქონდა, მოსწავლე მომიყვა ოთარ ჭილაძის ლექსს რომელიც მთავრდება სიტყვებით : ,,და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე, შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი“ . მე კი მივხვდი რომ აქ, ამ კელდებში ვარ შემაძრწუნებლად ბედნიერი, ამ პატარა საკლასო ოთახებში სადაც შემიძლია სიყვარული, მეგობრობა და ცოდნა ჩავნერგო პატარა ადამიანის დიდ გულებსა და გონებაში. მინდა სანამ შემიძლია, მანამდე დავიხარჯო მათთვის, არ მინდა იმ სანთელს დავემსაგვსო რომელსაც სულის შებერვით აქრობენ, ბოლომდე უნდა ჩავიწვა, მე სხვაგვარად არ შემიძლია. ბოდიში მოუხადე ჩემს ძვირფას შვილიშვილებს რომ ახალი კომპიუტერის ყიდვას ვერ შეძლებ მათთვის, და ეცადე რომ დამნაშავედ ბებია არ გამოიყვანო. ზოგჯერ პრემიაზეზ კი უნდა თქვა უარი რომ ადამიანად დარჩე, ისეთად როგორიც ნამდვილად ხარ და გინდა რომ კვლავ იყო... მალე რვა საათი გახდება და მე სკოლაში არ ვარ, თუმცა არ მეშინია დაგვიანების, თითქოს კედელზე დაკიდებული ფრთების იმედი მაქვს რომელიც გუშინ მოსწავლეებმა მაჩუქეს და უფრო ნელა ვემზადები წასასვლელად, იმ იმედით რომ ნაჩუქარი ფრთბი არასოდეს მიღალატებს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი