მხოლოდ შორიდან
უთვალავ გალაქტიკათა შორის, უამრავი ვარსკვლავით გარშემორტყმულ კოსმიურ სივრცეში, ერთ პატარა „მკრთალ ლურჯ წერტილზე“ ( როგორც დედამიწას კარლ სეიგანი უწოდებს) ვიბადებით. ჯერ მთელი სამყარო ჩვენი სახლი, ჩვენი ეზო, მისი შემოგარენი გვგონია. მის შესწავლას ვიწყებთ. ვაკვირდებით ჭიანჭველებს, ჭიამაიებს, ფოთლებს, ხეებს, ბალახებს…. ნელ-ნელა ვიზრდებით და ვხვდებით რომ სამყარო ჩვენი პატარა გარემოთი არ შემოიფარგლება, მალე დედამიწა უზარმაზარ ადგილად გვეჩვენება და იმ კაშკაშა წერტილებს, რომლებიც ღამის ცაზე მოჩანს, მისტიურად აღვიქვამთ. რა არის ეს პატარა იმედის მატარებელი წერტილები? რატომ მივისწრაფვით ასე მათკენ, როცა მთელ ცხოვრებას მიწაზე ვატარებთ? იქნებ სწორედ ამიტომ… დიახ, იმიტომაც მივისწრაფვით, რომ მათთან მიახლოვება თითქმის წარმოუდგენელია და, ხშირად, ის, რაც შორეულია, ყველაზე მეტად გვიტაცებს… დედამიწაც ასე გაგვიტაცებდა იუპიტერიდან რომ ვუყურებდეთ. თუ ახლოს მიხვალ, აღმოაჩენ, რომ ისინიც ჩვეულებრივი გარემოსგან არ განსხვავდებიან, ან უფრო უარესი, მათზე სუნთქვაც კი არ შეგვეძლება, ჩვენთვის დამღუპველი აღმოჩნდება ბევრ მათგანთან მიახლოვებაც კი. ისინი მხოლოდ შორეული სიყვარულისთვის არიან შექმნილები. უყურებ და ტკბები, უყურებ და ხარობ, რადგან ისინი არსებობენ. უყურებ და შენთვის ეს საკმარისია, რომ ღამე ბედნიერებით მოსილმა გალიო. დროს აჩერებ, ოცნებობ, ესაუბრები… იცი, ვერასდროს მიხვალ მათთან ახლოს, თუმცა ეს არ გადარდებს. უცნაურია, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში სწორედ ამ ვარსკვლავებს ჰგვანან. იმისთვის არიან რომ შორიდან დატკბე მათი არსებობით, მაგრამ არასდროს მიუახლოვდე, რადგან თუ ახლოს მიხვალ, დაიღუპები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი