ენაჭარტალა იხვის ჭუჭული (ავტორი: ლანა ხურცილავა)


ერთი ყვითელი იხვის ჭუჭული და ერთი ნაცრისფერი ბატის ბჟიტი დამეგობრდნენ. თითქმის სულ ერთად ატარებდნენ დროს. მიდიოდნენ ტბის პირას, სეირნობდნენ, ნაპირთან წვრილ თევზებს იჭერდნენ პატარა ნისკარტებით და გემრიელად შეექცეოდნენ. ზოგჯერ ქვიშაშიც იქექებოდნენ და მწერებს, ჭიებსაც მოიხელთებდნენ. მათი საყვარელი გართობა მაინც წყალში ჭყუმპალაობა, ან ყინულზე სრიალი იყო. 
ერთ დღესაც ჩვეულებრივ ნაპირთან ახლოს, ყინულზე სრიალებდნენ. ბატის ბჟიტმა იხვის ჭუკს, მოფერების ნიშნად, ფრთა ნაზად აუქნია. იხვის ჭუკმა წონასწორობა ვერ დაიცვა და წაიქცა. 
დაიწყო წივილი: „ვიტ, ვიტ, ვიტ, ვაიმე, ფეხი. მიშველე, მეგობარო“. 
ბჟიტი მაშინათვე მივარდა იხვის ჭუჭულს, სტაცა ნისკარტი ფრთაზე და სასწრაფოდ წამოაყენა ფეხზე. იხვის ჭუკი გაბრაზდა ბჟიტზე: 
-შენ გამიზნულად მკარი ფრთა და წამაქციე. წავალ, დედას მოვუყვები და ნახავ, რა დაგემართება. 
ამ სიტყვების თქმისთანავე იხვის ჭუჭული მართლაც დედასთან გაიქცა და უამბო მომხდარი. ბატის ბჟიტი უკან გამოუდგა მეგობარს, რომ დაემშვიდებინა, მაგრამ გვიანი იყო. 
დედა იხვმა უკვე იცოდა მომხდარი ამბის შესახებ. როგორ თუ ჩემს შვილს ფრთა ჰკარიო და ბატის ბჟიტს თავში ჩაუნისკარტა მწარედ. პატარა ბჟიტს ეტკინა და ჩუმად სლუკუნი დაიწყო. იხვის ჭუკმა ახლა კი იგრძნო თავი დამნაშავედ მეგობრის წინაშე. მიხვდა, რომ დედისთვის ენა არ უნდა მიეტანა. ბატის ბჟიტს პატიება სთხოვა:
-მაპატიე, მეგობარო, სხვა დროს ასე აღარ მოვიქცევი. ენატანია აღარ ვიქნები. არ უნდა მეთქვა დედისთვის ეს ამბავი. შენ ხომ ძალით არ გინდოდა ჩემი წაქცევა. უბრალოდ გამეთამაშე. 
ბატის ბჟიტი ხედავდა, რომ მეგობარი ჭუკი გულწრფელად ნანობდა თავის საქციელს და პატიების ნიშნად ჩაეხუტა. ამის მერე იხვის ჭუჭულს არასოდეს დაუბეზღებია ბატის ბჟიტი, რადგან ძალიან ეშინოდა ძვირფასი მეგობრის დაკარგვის
მეგობარიჭუკიბჟიტიყინული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი