ოცნების პანაშვიდი


2019. სულში მკვდარი მთვარეა..
ჩემო ღამის აჩრდილო, ნეტავ, რა გენაღვლება?
-პანაშვიდი ოცნების უკვე გადახდილია,
თვითნებური აბორტით მეხოცება სიტყვებიც
( მე შენ აღარ მჭირდები,მე შენ აღარ მჭირდები).

რა მარტივად დავწერდი ამ რეალურ სივრცეზე,
ჩემო შორისდებულო, შენ ხომ უფრო რთული ხარ...
იქნებ, რევოლუციით გული ვერ გავიმთელო,
იქნებ,თოვლის ფიფქივით გადმოვვარდე ღრუბლიდან..

ჩაილურის წყალს დალევს, ვიცი, ოს ანდამატიც,
რომ მიზიდავს სიზმრებში უსამშობლო ტკივილი,
მაგრამ ისე ტკბილი ხარ, ისე გაგითამამდი,
რომ მიგიღე შვილივით. რომ მიგიღე შვილივით. 

2019. სულში მკვდარი მთვარეა,
უკიდურეს ლირიკას ისევ ვეპოტინები,
გარდაცვლილი სიტყვები პოეზიას დარჩება?
ჩემო სულის მეზღაპრევ,ისე შენ თუ მიშველი
( თვითნებური აბორტით იხოცება სიტყვები).. 
 
           2019. 21.06

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი