დილის ლოცვების ალგორითმი


დილის ლოცვების ალგორითმივით
განსაზღვრულია არდაბრუნება:
-გულო, ნუ ეჩვევი ტკივილს,
-გულო ნუ ეჩვევი ტკივილს,
-გულო,ნუ ეჩვევი.. 
ხომ ხედავ,პოეტური განმეორებივით ტკბილი
არ არია მოგონება. 
და მეც პოლისემიური სიტყვისავით 
გავხდი მრავალი მნიშვნელობის,
რომლებიც უქონლობის მაწარმოებელი ცირკუმფიქსებით გამოითქმის. 
შენ დაასრულებ ამ დღეს.
მე დავსრულდები ამ დღეს. 
ხაზები წალეკავენ ცვარს მინებიდან,
ანუ მინა,-ჩემი ცხოვრება,
ანუ ცვარი,- მე. ამაოდ იშენებ,გესმის? ყინულის ესტაკადას, 
შენი მზესთან დაკავშირება შეუძლებელია. 
მაგრამ "დიდი შუადღისას" ,ანუ მაშინ 
როცა ცხოვრება ,უნუგეშო კავალერია,
თმაგაწეწილი სახლებიდან  სხივებს გადმოყრის,
ჩვენი წარსული დღეებიდან გადადგებიან,
სიტყვები,ასე დარწმუნებით როცა ვამბობდით. 
და მეც მონოლითური სიტყვისავით გავხდები ერთმნიშვნელოვანი
და გეტყვი: 
ჩემო ქარიბდა, ჩემო ქარიბდა,
გამიშვი, მარცვალს ნუღარ მაყოვნებ,
უნდა გავღვივდე სხივთა ჯარიდან,
უნდა გავუდგე გამხმარ მაყვლოვნებს. 
და მერე , დღე რომ დაბრმავდება,
მე მოვალ შენთვის ვერშეხსნილი ღილების საფლავზე,
მესაფლავე მეტყვის, იჭირისუფლეო,
დაყიალობენო სადღაც თაგვებიო
და ალაგემდე ვერმიღწეული დედაბერი
არაფრობაში ვარდებაო.
ჯერ ადრე არის.
დაგვიანებამდე დრო დამრჩა კიდევ.
როგორ ვერ ვიტან მორჩენილ დროებს.
მე რომ ვერ მარჩენს.
როგორ ვერ ვიტან დედაბერს,რომელიც არაფრობაში ვარდება. 
და მაინც, ყველაფერი ხომ ცხადზე ცხადია:
დილის ლოცვების ალგორითმივით
განსაზღვრულია არდაბრუნება. 
2018.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი