ერთხელ მაინც


ლექსი ვწერო?! – შორს მიმაფრენს
მე ცხოვრების ეტლი, ჩრდილი…
არ ვიმღერო?! – მაშ რად ვწერე
ეგ სიმღერა ასე ტკბილი.,
მზეს ვუმღერო?! – მზე არ მითბობს
მე გაყინულ გულის რიტმებს,
შენ გიმღერო?! – მაშინ კარგო
ერთხელ მაინც გამიღიმე…
ერთხელ მაინც დამიამე
დაჭრილ გულზე სევდის წყლული
რომ მალამოდ გულს მეამოს
შენი ცრემლი გაზაფხულის,
რომ შორს მთებში მორაკრაკე
კვლავ მესმოდეს წყალთა ენა
ლექსით ვძერწო მე გურიის
მაღალ მთათა ქანდაკება…
ერთხელ მაინც ლურჯი ფუნჯით
ვხატო შენი შავი ზღვები,
რომ ლექსების იალქნებით
გადავცურო ეგ საზღვრები,
რომ სიცოცხლის ტკბილი სუნთქვა
აკვნიდან მდევს – დედის ნანა
არ მწამს მე სხვა საიდუმლოს
ამ ბუნების და ზღვის გარდა
ჰე, მამულო, ერთხელ მაინც
ამაცრემლე შენი შვილი,
რომ შევიგრძნო ეგ სამყარო
ასე ტკბილი, ასე ტკბილი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი