შენ მარტის თვე ხარ
შენ მარტის თვე ხარ, მე დეკემბერი, ყვავილებით თოვ, მე კი – ფიფქებით,.. შენ ისე ჰყვავი, როგორც ვერხვები, მე კი თოვლივით თეთრად ვიფქვევი; შენ ნორჩი მზე ხარ, სხივთა რჩეული და გაზაფხულის ნაზი სურნელი, მე კი ამ სხივებს გადაჩვეული, ნისლად ქცეული თეთრი ღრუბელი. შენ მარტის თვე ხარ, ჰო, მარტის თვე ხარ, ხშირად ჯიუტი და წვიმიანი,.. მე კიდევ მკაცრი, ცივ ზამთრის ტყვე ვარ, თეთრი ვარ, მაგრამ, არა წმინდანი… მე მაშინ ვქრები, როცა იღვიძებ და ისევ მოვალ, მოვალ გპირდები, მოვალ თებერვალს, მარტშიც კი, ვიდრე ერთ სეზონად არ გადავიქცევით… შენ მარტის თვე ხარ, მე დეკემბერი, ატმის კვირტივით ხარ დახატული, მე კი შავ-თეთრი დამდევს ელფერი,.. ალბათ, ასეთი დამაქვს ნატური… მე არ ვაპირებ დავას ლამაზო, ისევ მერევა ზამთრის ძილქუში, რა ვქნა, ხომ იცი დეკემბერი ვარ?! ზოგჯერ ძვირფასი, ზოგჯერ პირქუში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი