ჩემო კალამო


ამ უსარკმელო ციტადელში წერა დამჩემდა 
ქარბუქში ნაპოვნ ჰარმონიას - მელნად ვასაღებ
ამოიოხრეს დაქანცულმა ჩემმა მაჯებმა
თითქოს სიმშვიდის მიაგნესო ნანატრ გასაღებს

უზღვრო სტრიქონებს შევალიე დღე-ღამის აღქმა
გონებას ღრღნიან უპასუხო ჩუმი კითხვები
წარსულ დღეებზე უფიქრობის მე დავდე აღთქმა 
ჩემო კალამო, შენთან ერთად როგორ ვმშვიდდები !


ლექსების აკვნით მივუყვები მუზის ქვაფენილს 
და ქარი ფანტავს განვლილ დღეთა დანალექ სევდას
მე ავკრეფ ფიფქებს, სიმწვანეზე თეთრად დაფენილს
და გადმოგიშლით დატოვებულ ნაკვალევს ჩემსას

ყველა ბრძოლაში გამარჯვებულ, შემზარავ სიკვდილს
პოეტის სული უკვადებით გაუთხრის საფლავს 
ჩვენ დავასრულებთ დროებასთან უმეცარ ჭიდილს,
მათი კალამი მარადიულ სინათლეს ნახავს

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი