თავი პირველი - შენი ჩამოსვლა


ბაბუაწვერამ იცის რომ ქარი კოცნით გაფანტავს მის თეთრ, ფარფატა სხეულს და ელოდება საბედისწერო ქროლვებს. სანამ ქარი მოვიდოდეს, ჩვენ შეგვიძლია ფოკუსი მოვაშოროთ ამ უწყინარ მცენარეს და მზერა ჰორიზონტალურად ვტყორცნოთ ამ სიმწვანეში მიღვრილ-მოღვრილ სივრცეს. მაგრამ იმის გამო რომ მარჯვნიდან ცხენების ფრუტუნი წვიმასავით მოდის, იძულებულები ვართ ჯერ ვერტიკალურად გავიხედოთ. კისერი თუ გაწუხებთ ან ბაბუაწვერას თვალს ვერ აშორებთ და ხელის შეფარვით ცდილობთ მოსალოდნელი ქარისგან დაიცვათ, ნუ შეწუხდებით, ყველაფერს აგიხსნით, თქვენ შეგიძლიათ... ამ პაწია სკამზე ჩამოჯდეთ, აი, ინებეთ... აჰ, არაფრის, რისი მადლობა, დაბრძანდით. მოკლედ,  ეს კეთილი, ფერად მანტიანი ხალხი, აქ დაახლოებით ათასი წლის წინ მთიდან ჩამოსახლდნენ და პატარა სოფლის შენებას შეუდგნენ, მიწა ბარაქიანია, წყალი ცივი და ისეთი გემრიელი პურსაც შეატან. აჰ, ვხუმრობ, რა სახით შემომხედეთ, თან ვერტიკალურად... მემგონი სულ არ გტკივათ კისერი, ბაბუაწვერაც დაგავიწყდათ და მალაპარაკებთ იმას, რისი მოსმენაც არ გსურთ. ასეა? აჰ, კეთილი, მაშინ განვაგრძოთ.

აქ, ამ კეთილ ადამიანებს რომლებსაც მელპომენები ჰქვიათ, და შემდეგში მაცხოვრებლებს ამ სახელით მოვიხსენიებ, აქვთ ერთი ზედმეტად განსხვავებული თვისება, თუ შეიძლება რომ ამას თვისება და მითუმეტეს განსხვავებული ეწოდოს. მელპომენები საკმაოდ მაღალი აგებულების ადამიანები არიან, მათ რიგებში დაბალი ჯერ არავინ დაბადებულა, ხელში ყოველთვის ხმალი უპყრიათ და ამბობენ რომ სიმღერა შეეძლოთ, თუმცაღა ეს ნიჭი ღმერთმა წაართვა, უფრო სწორედ  ღმერთმა მათ საუბრის და ენით მეტყველების ნიჭი წაართვა და მხოლოდ მელოდიებს მღერიან, ყველანაირი სიტყვის გარეშე. სწორედ ამ უკანასკნელს ვგულისმობდი განსხვავებულ თვისებაში. თუმცაღა თავიდან მათი სიმაღლეც და ხმლის ყოველწამს ხელში ჭერაც მეგანსხვავებოდა, მაგრამ შევეჩვიე. მგონი დაიღალეთ, სახეზე ფერი შეგეცვალათ, თქვენ ხომ დღეს ჩამოხვედით, აჯობებს დაისვენოთ, წამომყევით თქვენს ოთახს გაჩვენებთ, ხვალ კი ერთ-ერთ მელპომენეს გაგაცნობთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.  აჰჰ, რა კარგი ღიმილი გაქვთ. მელპომენებიდან ვინც არ უნდა გაგაცნოთ, ეცადეთ კბილები დამალოთ. .... იმიტომ რომ, მათ თოვლის ეშინიათ, თანაც ძალიან, თქვენს თეთრ კბილებზე კი უთუოდ თოვლი და ზამთარი წარმოუდგებათ თვალწინ, დამიჯერეთ... მელპომენებს კბილები ჯერჯერობით არ ანახოთ. ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი