თავი მეორე - შენი ოთახი


იმას რასაც თქვენ სახლს უწოდებთ, მელპომენებისთვის ოთახია, ეს ფაქტი კი იმით იხსნება რომ მელპომენებს ღმერთმა სახლი დედამიწის სახელით უბოძა, ამ სახლში კი ოთახებს აშენებენ, სადაც ცხოვრობენ და  სადაც ახლა შევალთ. ეს თქვენი კარებია, შეგიძლიათ შეაღოთ და დაისვენოთ... არ იღება ხომ? რათქმაუნდა არ იღება, რადგან ყველა კარს აქვს გასაღები. იმისათვის რომ მელპომენების კარები შეაღოთ, აუცილებელია კარზე კაკუნის სახით რაიმე მელოდია დაუკრათ, ნებისმიერი. თუ კარები თქვენს კაკუნს მელოდიად მიიღებს, მაშინ თავისით ისე გაიღება, რომ თქვენ არც კი შეგაწუხებთ, და მეტიც, თავისითვე დაიხურება. როცა ამ ადგილას დამკვიდრდებით შეგიძლიათ უნიკალური მელოდია შექმნათ, რომელსაც დაიმახსოვრებთ, როგორც საკუთარ სახელს, რათა თქვენი კარი სხვისმა მელოდიამ ვერ გააღოს, თუმცაღა ოთახში არავინ შემოვა და უნიკალური მელოდიის შექმნა შეიძლება საჭირო არც იყოს. ადრე ერთი უხელებო მელპომენე გყვავდა, რომელიც კარს მხოლოდ თვალის მზერით აღებდა, მაგრამ ისე მოკვდა რომ ეს საიდუმლო არავის გაანდო. დიახ, დიახ, ნუ გიკვირთ, აქ ბევრი უჩვეულო სურნელი ტრიალებს, რომლებსაც შეისუთქავთ და შეეგუებით მთელი მონდომებით. ღმერთო როგორ დაგღალეთ, ჯერ ისევ კარებთან ვდგავართ, მიდით, დაუკარით, აჩუქეთ კიდევ ერთი მელოდია ამ უკვდავ სამოსახლოს. ოჰჰჰჰ, შესანიშნავია, საოცარი სმენა გაქვთ, ახლა კი შებრძანდით... კედლებზე ნიღბები? ხო, ეს არც მე ვიცი რისი სიმბოლოა, მაგრამ როგორც მელპომენები ამბობენ, როცა ერთ ხელში ხმალი ეპყრათ, მეორე ხელში მუდამ ნიღბები ეჭირათ, მაგრამ ახლა ფიზიკური ჯაფის გამო ხომ ხვდებით.... კედლებზე სისველე? არა ეს სისველე როდია, ესს ნიღბების ცრემლებია, ისინი წარსულს ტირიან. იმის გამო რომ მელპომენებს მოკლე მეხსიერება აქვთ, ზოგჯერ იძულებულნი ხდებიან, ძილის წინ ნიღბის რამდენიმე ცრემლი თვალებზე შეიზილონ რათა ძილში, სიზმრის დროს, სასურველი დროის, ოღონდ წარსულის, ნებისმიერი ფრაგმენტი განმეორებით ნახონ. რა სასაცილოდ გაიოცეთ, დაბრძანდით, მე ილიძს მოგართმევთ და შემდეგ დაიძინეთ. ხო მართლა, ილიძი იგივე ჩაია, ტყის მცენარის ფესვებია აქვს დამატებული, რომელიც მშვიდად დაგაძინებს და დილისთვის ენერგიას მოგქცემს. აქ ყოველღამე სვავენ ილიძს და თქვენც გასინჯეთ. და ხო კიდევ, თუ სინათლე დაგჭირდათ, სანთელი ამ თაროზე დევს, ფანჯარასთან დადე და თავისით აინთება, ან შეგიძლია ჩვენი ციცინათელები დაპატიჟო ოთახში... ვიცი უცნაურია, და ალბათ შემაწუხებულიც, მაგრამ შეეგუები. ახლა კი წავალ, ვიცი ძალიან გეძინება, დროებით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი