ჩიტებმა სიმღერა შეწყვიტეს
როცა მზე ჩასვლას დააპირებს და წვიმის წვეთები ფეხაკრეფით ციდან ჩამოეწვეთებიან, ამ ოთახის ფანჯრები მტვრის იარებს ცრემლებით მოიწმინდავენ და ხის სურნელს ამოაფრქვენ თავიანთი სიღრმიდან. ჰორიზონტი რომელიც ცას უერთდება, ახლა დავრდომილი სახით თითქოს ჩამოწოლილა და ქარის დაბერვით ქანაობს. ჩიტებმა სიმღერა შეწყვიტეს და ტყის სიღრმეებში შეუჩინარდნენ, სადაც სოკოს ძებნით დამთვრალი შამანები ჯერ არ დაწყებული წვიმის გადაღებას თავიანთივე ჩრდილში ელოდებიან. აქ ხეების კენწეროებს მალე ნისლი გამოედება და ხეების სუსტი, მაგრამ ბასრი კენწერო ნისლს ორად გაყოფს და სანამ ნისლი ტყიდან გავა, კენწეროები დაანაწევრებენ, ისე რომ აქედან გასვლას ვერცერთი ნისლის ნაჭერი ვერ შეძლებს. აქ თითქოს ბუნებამ ბუნებას ომი გამოუცხადა. მაგრამ ბრძოლის ყიჟინას არავინ იმჩნევს. ხეების თავზე მოქცეული ღრუბელი თავის მოძმე ღრუბლებს გახედავს შორეულ ჰორიზონტზე და ხედავს ზოგიერთნი წვიმებად როგორ გადაქცეულან. მალე მისი ჯერიც მოვა, სივრცე თითქოს ჩაყლაპავს მას, ეს მისთვის პირველი წვიმაა და ნერვიულობისგან ერთი ორი წვეთი ცრემლი უკვე ჩამოეწვეთა. შამანებმა იგრძნეს ტყეში დაცემული წვეთები, ვინაიდან ხეების თავზე მოქცეულმა ღრუბელმა ფერი იცვალა და მასში უკვე არის სიკვდილნარევი მომლოდინეობა. დუმილში მოქცეული ტყე შამანებისთვის წვიმის წამოსვლის მაუწყებელია და ისინი უკვე სტრატეგიულად და ტაქტიკურად ფიქრობენ სოკოების მონადირებზე. ხეების თავზე მოქცეული ღრუბელი, წეღან რომ რამდენიმე წვეთი ნერვიულობისგან ჩამოეწვეთა, უკვე შესუსტებულიყო და გვერდით გახედვისა ეშინოდა რომ თავისი მოძმე ღრუბლები აღარ დახვდებოდნენ და უკვე მისი ჯერი იქნებოდა. შამანებმა მიწაზე პატარა გეგმა მოხაზეს და როგორც კი გეგმას წვეთი წვიმა დაეცემოდა ნადირობა გამოცხდადდებოდა და ყველა თავის მოხაზულ ტრაექტორიას გაუყვებოდა. ხეების თავზე მოქცეულმა ღრუბელმა რამდენიმე ცრემლი კიდევ გადმოაფრქვია, თავის მოძმე ღრუბლებს გახედა, რომლებიც სივრცეს უკვე ჩაეყლაპა და თვითონაც მიხვდა რომ ცაზე მისი ყოფნა უკვე ზედმეტი იყო. ღრუბელმა თვალები დახუჭა და მას მერე მისი თავი თვითონაც აღარასოდეს უნახავს. მიწაზე მოხაზულ გეგმას რამდენიმე ცივი წვეთი დაეცა და ფოთლებიც თითქოს ამღერდნენ, უფრო ამწვანდნენ, ტყეში მწვანედ დაღამდა. შამანებმა გეგმას ფეხები ურტყეს, ჩირაღდნები აალივლივეს, გამქრალ გეგმას დააგდეს, ერთმანეთს მხრებზე ხელები მოხვიეს, წვიმასთან ერთად იმღერეს გაურკვეველი ბგერებით, ეს ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა და ისინი სოკოებისკენ ცალცალკე გაუდგნენ გზას. როცა მზე ჩასვლას დააპირებს და წვიმის წვეთები ფეხაკრეფით ციდან ჩამოეწვეთებიან, ამ ოთახის ფანჯრები მტვრის იარებს ცრემლებით მოიწმინდავენ და ხის სურნელს ამოაფრქვენ თავიანთი სიღრმიდან. ჰორიზონტი რომელიც ცას უერთდება, ახლა დავრდომილი სახით თითქოს ჩამოწოლილა და ქარის დაბერვით ქანაობს. ჩიტებმა სიმღერა შეწყვიტეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი