დედის დღე


გვაშინებდნენ ჭინკებით,
ძმაო გახსოვს ალბათ დრო.
და დღე ღვინის ჭიქებით,
ჭის წყალმა რომ დაგვათრო.
პავლემ გვკითხა : "რას შობით?!"
ვქეიფობდით ვენახთან,
მერე რა თუ ბავშვობის,
ოცნებები ვერ ახდა.
ვჭიდაობდით მინდორში,
თმებს ვჩეჩავდით გოგონებს,
ნეტავ ერთხელ იმ დროში,
დაგვაბრუნა როგორმე.
ვაშენებდით ტყეში სახლს,
ვიპარავდით სიმინდებს,
ვიღვიძებდით რატომღაც,
პირველ მამლის ყივილზე.
კვერცხს ვპარავდით ქათამს და,
"თოლხოდ" ვჭამდით კიბეზე.
ვნადირობდით დედის დღეს,
ტყის მორბენალ იებზე..
ჩვენც ვიჭერდით, არ ვწყვეტდით,
იებს მიწის მუცლიდან,
რადგან სადღაც მოწყენით,
მათაც დედა უცდიდათ.
როგორც ჩვენ და ამიტომ,
ტყიდან სწრაფად მივრბოდით,
უკან გვედევნებოდა,
ხელგაშლილი მინდორი.
ხტუნვა-ხტუნვით სახლამდე,
მივაღწიეთ ადვილად,
ყველაფერი აქამდე,
რიგზე იყო ნამდვილად.
მერე ჩუმად ვტიროდი,
მერე გული გაიყო,
შენი სახლი ვიცოდი,
ჩემი სახლი არ იყო,
შენს ყვავილებს ელოდა,
დედაშენი ალბათ და,
ჩემსას კიდევ მახლობლად,
ადრესატი არ ჰყავდა.
ძალა მოვიკრიბე და
ფიქრები გავაჩუმე.
ის იები რაც მქონდა,
მეც დედაშენს ვაჩუქე.
გიორგი ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი