როცა გეცლება,ღმერთო


როცა თვალებს დღის სინათლით ავივსებ,
მეუფლება უცნაური შეგრძნება.
ღმერთო ჩემო,ერთი სიტყვა მაღირსე,
ახლა არა,მაშინ როცა გეცლება.
თუ სინათლის წყარო მხოლოდ შენა ხარ,
თუ სიბნელე შენს ფეხებთან ეცემა,
როცა ნახავ ჩემს ზარს, გადმომირეკე,
ახლა არა,მაშინ როცა გეცლება.
ეს სიცოცხლე სიბნელეს თუ მოპარე,
და მშთაბერე სუნთქვა, დროის შეხება,
დავჯდეთ როგორც ერთმანეთის მოყვარე,
მხოლოდ მაშინ,როცა მართლა გეცლება.
დამიჯერე სულ არაა მარტივი,
იმ გონებით, რომელიც მე მათხოვეს,
თავს ვგრძნობ ვაშლში გაჭედილი მატლივით,
ევა რომ კბეჩს და ადამს რომ აწოდებს.
აზრი ასე ეკარგება ყველაფერს,
ბევრი რამე,ბევრი რამე მეშლება,
ცოდვებში ვარ და კითხვებში ყელამდე,
წაიკითხე,ეს ლექსი რომ გეცლება.
გიორგი ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი