წნევა
შენ ქარი აგიწევს შავ კაბას, მე კაბა კი წნევას ამიწევს, და აზრი არა აქვს ამ კამათს, დრო არის საწოლში ჩამიწვე. საბნიდან ვუყურებთ ჰორიზონტს, ვეჩვევით სამხრეთის ცხელ ჰავას, მივირთმევთ პიტნიან მოჰიტოს, ვაყოლებთ რატომღაც ხსნად ყავას. ვეჩვევით ერთმანეთს თავიდან, ვით თევზი ეჩვევა სხვა გრადუსს, და ასე შავი ზღვის თავლიდან, ერთმანეთს ვულოცავთ გაზაფხულს. დრო გადის და ისმის: "ამიგოს"! ვერა ვართ, ჩვენ მაინც, ერთ აზრზე, ვაშხამებთ ერთმანეთს აგვისტოს, მივდივართ ორივე ჩვენს გზაზე. წუთები დღეებად და წლებად, იქცევა,რაც გინდა იფიქრო. ჩვენ ვიცით რთულია დაწყება, და გაგრძელება კი მით უფრო. შემთხვევით შევხვდებით ჩვენ სადმე, თვალებით მოვიხდით ბოდიშებს, მთავარი არის, რომ ვეცადეთ, მოვედი და მერე მოდი შენც. და ასე მარტივად ზავს დავდებთ, მე და შენ,ქარი და ის კაბა. მივაღწევთ როგორმე ზამთრამდე, შენ უნდა დამტანჯო, ვინ აბა ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი