ესმა ბებო


ესმა
ღობეს ეკიდა როგორც თილისმა,
ჩემო გოგონავ  ეს ქვა,
და ქალს რომელმაც იქ ჩამოკიდა,
შენი სახელი ერქვა.
ეზოს საყანეს ჰყავდა მებაღე,
უდრიდა ერთად ას ქალს.
"როდის მოხვედი აქ გურიაში",_
ეკითხებოდნენ ასაკს...
და ვერ ამბობდა,რომ ვით ჩანჩქერი
მოწყდა ერთ დღესაც ასკანს,
რომ აქ მოსული ნაკადულივით,
პირს ბანს ოთხ მზისებრ ვაჟკაცს.
არას უჩივის,ხელებს უკოცნის,
ქმარი შრომისგან ნაჯაფს,
და ეს წისქვილიც თავის სინორჩით,
მოჰგავს ნიკალას ნახატს.
და მე არ ვიცი ხარი წითელი,
რომელიც აღამართს არ ხნავს.
ბედნიერებას შვილო იცოდე,
უბედურებაც ახლავს...
და ერთ დღეს ქარი ამოვარდნილა,
ფოთლებს უწყვეტდა ოთხ ხეს,
სოფელში ომის გათენდა დილა,
"ვაჟებს ვიწვევთო", _ უთხრეს.
შენ დაღამებავ მზეზე ორსულო,
სჯობს ანგელოზებს უხმო,
რა მალე იცი წასვლა მოსულო,
შენ მოსავალო უხვო.
განა ოთხივეს მხოლოდ ორ ხესო,
მოვთხრითო მხოლოდ ორ ხეს.
"რაც უნდა მოხდეს,ახლა მოხდესო",_
ძმებმა ერთმანეთს უხმეს.
გაგიზრდიაო ცოლო შვილები,
ვაჟას ნაამბობ კარგ ყმად.
და ასე ორ ძმას ორი ტყუპი ძმაც,
ვით ჩრდილი უკან გაჰყვა.
მთელი სოფელი მიაცილებდა,
უკვე გმირები ერქვათ,
და სწორედ მაშინ ჩამოიკიდა,
დედამ კისერზე ეს ქვა.
იმ დღიდან აღთქმა დადო უფალთან,
ფეხზე ეძინა დიდხანს,
საჭმელს ათბობდა ოთხი ვაჟისთვის,
ყოველ მიმწუხრს და სისხამს,
დრო გადიოდა როგორც ვაგონი,
ბოლო სადგურის ზანტად,
დაბრუნდა სახლში სამი ვაჟკაცი,
თუმცა რჩებოდნენ სახტად,
რომ არ იხსნიდა იმ ქვას კისერი,
აღთქმის და სიტყვის ნიშნად,
ბევრმა არ იცის ის,რომ დედობა
სრულ ერთგულებას ნიშნავს.
სრულ თავგანწირვას და მოთმინებას,
სრულ მიტოვებას თავის,
დედა სხვანაირ დარდს დაატარებს,
და სხვანაირად დადის.
რადგან დედისთვის ოთხი ერთია,
და ერთი არის ოთხი,
ამიტომ იმ ერთს ელოდებოდა,
ვედრებითა და ხოხვით.
როცა მეოთხემ ჭიშკარ შეაღო,
როცა გამოჩნდა შუქზე,
არ წასულაო ისე აკოცა,
მტრისგან დატორილ შუბლზე.
ღობეს დაკიდა როგორც თილისმა,
კისრის მომწყვეტი ეს ქვა,
შვილო იცოდე გურიის დედას,
სახელად ერქვა ესმა.
გ.ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი