ფსევდონიმი


ქუჩაზე,სადაც არ გადაგიშვეს,
ბოლოს შენებურად გადახვედი,
სადაც გარდაცვლილად ჩაგინიშნეს
და გამოგიტანეს განაჩენი.
სადაც ეგ სხეული ნათხოვარი,
იქვე იმ ქუჩაზე დატოვე და,
სადაც მხოლოდ მე თუ დავინახე,
ვიღაც თავის სულს რომ გატოლებდა.
სადაც გაბატონდა აპათია,
სადაც იყო,ვიცი,მტვერი ოხრად,
სადაც ვინც დაგარტყა, აპატიე,
სადაც მკვლელობაზე მეტი მოხდა.
სადაც დამნაშავე გიწოდეს და
ოდნავადაც კი არ მოგერიდნენ...
თავს იქ ორი გოგო იწონებდა,
გაჩერებაზე რომ მორცხვად იდგნენ.
და მე ჩამოსული სოფლიდანა,
წლებად დაბნეული "ბოშო" ერთი,
ვიყავ შენ გგონია მორცხვი განა,
ვკითხე, რა ქუჩაა გოგო_ მეთქი.
ერთი ამხედეს და გაიკვირვეს,
ნეტავ ვინაა და რომელიო,
ბოლოს როგორც იქნა გამიმხილეს:
"საზანოელის ექვსი ნომერიო."
ახლა რომც მოგიყვე,მათ რა მითხრეს,
იტყვი,რომ უბრალოდ ვარ თავხედი.
ქუჩაზე სადაც არ გადაგიშვეს,
ბოლოს ფსევდონიმით გადახვედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი