ქალი


ქალავ ხორბლისტანავ,
ქალავ გედისყელავ,
ტანს თუ არ დამალავ,
კაბას შეგიკერავ.
ქალავ ვარდისტუჩავ,
ქალავ ღრუბლისმკერდავ,
სხვისი გოგო თუ ხარ,
ვერას გაგიბედავ.
ქალავ ირმისფეხავ,
ქალავ იისთვალავ,
გულს ნუ გამიხეთქავ,
მითხარ რას მიმალავ.
ქალავ წითელლოყავ,
ქალავ ხალიანო,
კისერს ვერ გილოკავ,
ამბობ: „ხალხიაო“.
ქალავ მზისთითებავ,
ქალავ შარმიანო,
შენზე ვინც კი შემხვდა,
მითხრა: „შარიაო“.
ქალავ წყაროსტერფავ,
ქალავ მაყვლის ხეო,
ერთი გამოხედვა
მაინც მაღირსეო.
ქალავ ღამის ელვავ,
ქალავ დილის მზეო,
ჩემი გაგიჟება_
არს შენს სინდისზეო.
ქალავ მეტიჩარავ,
ქალავ დარდიანო,
ერთხელაც დაფიქრდი
წასვლა არ ინანო.
ქალავ სანთლისწელავ,
ქალავ ალიანო,
დროს ნუ გამიწელავ,
სხვებიც არიანო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი