ქუჩაში ჩემს ლექსებზე მღერიან


მე და ლეონარდო დავინჩი,
ვძმაკაცობთ თვენია თუ დღენია...
ქუჩაზე, სადაც სახლი დავიდგი,
მუსიკოსები მღერიან.
უკრავენ ხანდახან მანდოლინას,
უფრო კი უკრავენ ჩელოს.
იშვიათად იციან მადლობის თქმა,
იშვიათად თუ დათმობენ ჩეროს.
ქუჩაში, როცა მზე იზმორება,
ხელებს შლის, როცა ის თამამად,
ამათთვის ამ ადგილით
იზომება
ბედნიერების თამასა.
თანაც მამსგავსებენ იმ გიჟ მხატვარს...
მოიცა, რა ჰქვია?! ვან გოგს!
_„შენც რიჟა წვერი გაქვს და იმასაცო...“
_ვერ არიან-მეთქი, ვამბობ!
ერთ დღესაც, როცა ლეონარდო
მესაუბრებოდა ჯოკონდაზე,
მხარზე შემოიდეს ჩელო-კვადრო,
მღეროდნენ, ბღაოდნენ
ბოლო ხმაზე.
ჩავედი და ვთხოვე:
_შეისვენეთ,
ამ კედლებს ბზარები გაუჩნდება!
_ჩვენ რომ გავჩუმდეთო, მპასუხობენ,
ლექსები თქვენი არ გაჩუმდება!
_ჩემი ლექსები?! ვინმეს ახსოვს?!
თავიდან ვიფიქრე, რომ ხუმრობდნენ,
თურმე იმათ, ვისაც ვთხოვდი პასუხს,
ჩემივე ლექსებით საუბრობდნენ.
ქიშპობდნენ,
უკრავდნენ და მღეროდნენ:
მე და ლეონარდო დავინჩი
ვძმაკაცობთ თვენია თუ დღენია,
ქუჩაზე, სადაც სახლი დავიდგი,
მართლა ჩემს ლექსებზე მღერიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი