ვაგონ-ვაგონ


ვაგონ,
ვაგონ,
დაგეძებდი.
ახლაც ისევ დაგეძებ.
ვამბობ,
ვან გოგს
ვგავარ-მეთქი,
განედიდან განედზე.
ჩემს პორტრეტებს,
ნატურმორტებს,
შენზე ნაწერ წერილებს
დღეს გადაყრის
ხალხი ზიზღით,
ხვალ კი დაიზეპირებს.
რა მიმღერე, აღარ მახსოვს,
ჩუქუნ-ჩუქუნ,
ვაგონ-ვაგონ...
რად მომიშვი, ქალავ, ახლოს,
ჩურჩულ-ჩურჩულ,
ამბორ-ამბორ...
გამოგყევი სახლამდე და
დაგეკიდე
ყელზე მძივად.
მომდევნო დღეს არ მნახე და
დაგიჯინე
ოთოსძვირად.
ის ცრემლები, დაკიდული,
ჭაღს მოჰგავდა,
ქალავ, ჭერზე.
გაიქეცი გალუმპული,
სანამ ისევ დაგიჭერდე.
გაიქეცი, გამოგყვები,
როგორც ჩრდილი
შენი ტანის.
კოცნას თუკი გამოვრჩები,
მდინარეთა
შესართავის.
ახლა რა ვთქვა, რა გიამბო,
როცა ნაოჭს
ებრძვი უკვე.
მაინც მიყვარს ციცქნა გოგო,
სახურავს რომ
შევიტყუე.
ვაგონ,
ვაგონ,
დაგეძებდი.
ახლაც ისევ დაგეძებ.
ვამბობ,
ვან გოგს
ვგავარ-მეთქი,
განედიდან განედზე.
ჩემს პორტრეტებს,
ნატურმორტებს,
შენზე ნაწერ წერილებს
დღეს გადაყრის
ხალხი ზიზღით,
ხვალ კი დაიზეპირებს.
გ.ლეკვეიშვილი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი