გზა
,,ნუ გადახვალ, შვილო ჩემო, ნუ გადახვალ სწორი გზიდან”, მამამ ასე მიანდერძა, მამა მუდამ ასე მზრდიდა. სულ მეგონა, სულ მეგონა, ეს გზა ჩვენი სოფლის შარა, სხვა გზა არსით გამეგონა, გავცქეროდი წარამარა. მამა თვალს არ მაშორებდა: არ იციო, გზა, სავალი... არ იციო ამა სოფლის, ასავალი, დასავალი. და მწყუროდა მალე, მალე, დავდგომოდი ამ გზას მარტო, ვწუხდი როდის გავიზარდო, ხანი როდის მომემატოს. ერთ საღამოს მამამ მითხრა: ,,წადი, ბიჭო, ქალაქს ხვალე”, ლტოლვამ გული გამომიხრა,, მოენატრა ძილი თვალებს. ირიჟრაჟა, გზა დაიწყო, მოხვეული, მართლა მრუდი, შიშნაჭამი, დაზაფრული, ლამის უკან გამოვბრუნდი. მაგრამ მალე თვით შევიცან მამა სხვა გზას მიწალდავდა, ის გზა იყო სიმართლისა, ნაცნობ ბილიკს ის არ ჰგავდა. ის გზა იყო სიყვარულის, ნამუსის და ვაჟკაცობის, მივხვდი ამ გზით სიარული, არ ხვდა წილად მზიდველს ცოდვის. მივხვდი... მივხვდი... ეს გზა არის გზა სწორი და გზა ნათელი, თუ ამ გზიდან გადაუხვევ, რა კაცი ხარ, რა ქართველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი