დიდაჭარა


კაცნი იყვნენ მოხეთქილნი
ხორცით,
ტანით,
კაცნი იყვნენ მოსაწონნი
მხარით,
ბეჭით,
კაცნი იყვნენ მიწის შეჭმად დასანანნი,
ციდა თითებს იმშვენებდნენ ვერცხლის ბეჭდით.

კაცნი იყვნენ უშუღლონი და პურადნი,
ყურებამდე გადაგრეხილ ულვაშებით,
ხმალს და ხანჯალს ისე მოლეს-მოპირავდნენ,
რომ დიაცნი ქსოვდნენ ჩოხებს მუდამ შვებით.


კაცნი იყვნენ
თვალმაძღარნი,
გულსავსენი,
ჩირად უჩნდათ მოყვრისათვის
ოქრო,
ლალი,
ტრფობა იყო მათთვის ხატი გულსავსენი,
კერპი იყო მათთვის ქალი.
კაცნი იყვნენ, ვით იტყვიან,
კაცნი მართლაც,
მიწა იყო მათთვის ღმერთიც და გამჩენიც,
თუ ისმენდნენ,
თუ დასმენდნენ,
მხოლოდ მართალს,
სიმართლისთვის მორკინალნი და გამჯენი.
მზის ტრფიალში შერუჯულნი მზისგან შავად,
შავლეგები, ჭირში მტკიცე ვით ალმასი,
მტერს, შინ მომხტარს, გახელებით სცემდნენ ავად,
მათ იცოდნენ მშვიდობის და ძმობის ფასი.

ჰოდა, როცა დაითალხა ერთხელ ზეცა,
როცა მტერი წამოვიდა ერთზე ასი,
როცა ხმალი პეტრას* მუხთლად გულში ეცა,
როცა მრავალს ღვინის ნაცვლად შხამი ასვეს,
მაშინ იდგნენ დიდტანანი მტრის წინ კუშტად,
მაშინ ჰყრიდნენ დიდთვალანი ცეცხლს თვალთაგან,
ძალოვანებს მტერი ისევ ბუზად უჩნდათ,
ურჯულოებს მიკაფავდნენ
ხან წინ,
ხან გან...
დიდსულობდა კვლავ სოფელი, იდგა ჯმუხად,
იდგა კენტად
დიდსოფელი,
დიდაჭარა,
იდგა, როგორც ველად ქართან დიდი მუხა,
და ტოტებზე არწივები ისხდნენ ჯარად,
ვერ მოდრიკეს
ვერც ყურანით,
ვერც ისლამით,
ამხნევებდათ სიო ქართლით მონაბერი,
ბევრმა ფაშამ მოიტეხა წელი ლამის,
წბილად დარჩა კიდევ ბევრი.
და შეარქვეს დიდსულ სოფელს დიდაჭარა,
ჩემო მხარევ, დიდი იყო ტანჯვა შენი,
ახლა შენს წინ ნათლად მოჩანს დიდი შარა,
ის ვაჟობა,
გამტანობა
ახლაც გშვენის.


პეტრა _ ციხესიმაგრე (ახლანდელ ცისისძირთან).

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი