ლადო ასათიანს


ერთ დილით ნახე, რომ მიწა ყაყაჩოს ცეცხლით იწვოდა,
ალმოდებული ატამი ნაპერწკლებს შენსკენ ისროდა,
ნიავს მოჰქონდა წკრიალი ერეკლეს გორდა ხმალისა
და მოგეჩვენა საწოლი სისხლდატბორებულ კრწანისად.
წამოიმართე და სცადე ხმალივით ლექსის მოქნევა,
მტერს ვერ უწია,
_ სტრიქონი
ატირდა ვაი, მოკლე ვარ.
ატირდა შენი მანანა,
ის ტანხატულა,
ლურჯთვალა,
ატირდა ზეცაც და თითქოს სიკვდილსაც ფერი ეცვალა,
მაგრამ გამძაფრდა ხანძარი,
დაგფერფლა როგორც აბედი,
ამ ქვეყნად ლექსად მოხვედი
და გაზაფხულად წახვედი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი