მზე მამულში
მზეო, მზეო, ცოტა ხანი დაიცადე, ჩემს ალალ გულს ფიანდაზად გადაგიშლი, გადახედე სასახლეებს, აწვდილს ცამდე, სულ ანათე ჩემს მამულში, ვინ დაგიშლის! მზეო, მზეო, ღამითაც კი ჩვენთან დარჩი, ხეივნებში აქ მარტოკა ვახშმობს მთვარე, მეფურ ქორწილს გადაგიხდი ასეთ დარში, დუღს მაჭარი, რთველი ახლა დავამთავრე. მზეო, მზეო, შენ გიხმობდა თვითონ მეფეც, შენ გეძებდა ღამის მეხრეც გათოშილი, მაგრამ მაინც დღე და ღამე ნათელს მე მფენ, ჩემს მამულში გაქვს სხივები გადმოშლილი. მზეო, მზეო, რა გაჩქარებს ასეთ დარში, გადახედე სასახლეებს აწვდილს ცამდე, დაიცადე, აქ ანათე, ჩემთან დარჩი, ჩემს მამულში დაიცადე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი