ჩემო სოფელო


ჩემი სოფელი, თვალწინ შუკა, ყანა, ორღობე,
ღელე სიმღერით შემომეგება,
აქ ერთად თავი მოუყრია ყველა მგალობელს,
წყარო მეძახის ,,სვი შეგერგება”.

გადავდგი ფეხი, გზა ატამმა გადამიღობა,
წელში მოხრილა ბერი ქლიავი,
მივდივარ და წინ მიმიძღვება ლაღი ბალღობა,
ხილის სურნელით მათრობს ქლიავი.

ეზოებიდან გამომიხტნენ მურა ძაღლები,
უცხო ვეგონე დამიწყეს ღრენა . . .
ნაცნობებივით მიცქერიან, თითქოს სახლები,
და ვეუბნები, სალამი თქვენა!

ჩემო სოფელო, შენში არის სილაღეც, სევდაც,
და სიყვარული წრფელი, ფაქიზი,
მე შენზე ფიქრი აჩრდილივით ყველგან თან მდევდა,
მოვისწრაფოდი როგორც ჰაფიზი.

ჩემო სოფელო, შენი მიწა უბით ინახავს,
ობოლ საფლავებს ჩემი დედ_მამის,
ცხოვრება თურმე ძირიანად შენში მინახავს,
მადლობელი ვარ რამდენი რამის . . .

წყაროს წანწკარი, ტყის შრიალი, შემოღამება . . .
ლექსიც, სიმღერაც, ამასა ჰქვია!
სხვაგან განცხრომას მირჩევნია მეც აქ წამება,
აქ კაცი მართლაც ბერდება გვიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი