ჯრუჭის კვიპაროსები


(ჯრუჭის მონასტრის ტაძართან, ძველ ფოტოებში, ჩანს ორი კვიპაროსი... დღეს იქ ტაძრის ნანგრევებია... )
* * *
ვერ აგიღწერე, მე უძლურმა, 
ფრესკათა შენთა,
ურჯულოთაგან გვემა, კაწვრა,
შეღებვა თეთრად...
ვერ დავიცავი მე - ცოდვილმა
თაღი და ბჭენი, 
დამხობისაგან, ძარცვისაგან, 
ხმათაგან მეხთა...
* * *
ძირს დასცეს ჯვარი, 
თვალსაპყრობი თაღი, 
გუმბათი... 
ჰოი, რა მწარედ აატირეს 
ეპიტაფია... 
მაინც ვახარეთ ვაზის ლერწი, 
არ ვსვით შარბათი, 
აი, ის ვაზი, -
მტერს რომ ბევრჯერ 
გაუკაფია.
* * *
მოვსულვარ ლოცვად, ნატაძრალო... 
არა! ტაძარო,
ვდგავარ მდუმარედ, გევედრები
ფერი იცვალე, 
ცრემლდახავსებულ ნაფრესკალზე
დარდით და ლოცვით, 
ოდესღაც ბერი, -
კვიპაროსად გარდავიცვალე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი