მონატრება, ანუ კოსმოსში კვლავშერწყმული ნამეტი
’’ მე შენ გეძებდი. რომ შეგხვდი, პირველივე წამს მივხვდი შენ ის ხარ ვინც ჩემს ფიქრებში ბევრი წელია არსებობს. ჩემი ტვინის საუფლოში დიდი ხანია ცხოვრობ. რეალურად გიპოვე და მერე ვიპოვე ახალი შიში რომ დაგკარგავ, ან ყოველდღიურობა შეჭამს გრძნობებს და ყოფნა, ჩემს ტვინში არსებულ შენს პროტოტიპს ნაფლეთებად აქცევს, დაანგრევს სამყაროს, რომელიც შენს ირგვლივ ბრუნავს. ამას ვერ გავუძლებ. წავალ, ჩემს ლამაზ სამყაროსთან ერთად- რომელიც შენი წყალობითაა ლამაზი. ეს სამყარო ზედმეტად სასტიკია ჩვენი ხაზების გადაკვეთისთვის, მჯერა სადმე პარალელურ სამყაროში აუცილებლად შევხვდებით... წავედი, მაპატიე, მიყვარხარ ’’ შემოდგომა ძალიან უყვარდა. შემოდგომის პირველ დღეს ხიდან მოწყვეტილ უსიცოცხლო ფოთლებთან ერთად მდინარემ მისი ცივი სხეული წაიღო. მზემ უჩვეულოდ დაკარგა სითბო. ჰაერი სიკვდილის სურნელით გაიჟღინთა, მე ოთხად გაკეცილი მისი წერილი და წყლიდან მის კისერზე მოხვეული ჩემი ნაჩუქარი ყურსასმენები დამრჩა, მილიონ ნაწილად დამსხვრეულ სულთან ერთად. მინდა ის სიმღერა მოვძებნო რომელსაც ჩემგან წასვლისას უსმენდი, იქნებ ასე ვიპოვო შენამდე მოსასვლელი გზა. არ ვბრაზობ, არ გიბრაზდები, უბრალოდ მენატრები. იმის გააზრება რომ შორს ხარ, ფეხქვეშ ნიადაგს მაცლის. იმ ერთ გარდამავალ წამს, როცა ‘ნამეტი ჩემთან არის’ ‘ნამეტი აღარ არის’-ით ჩანაცვლდა ყველაფერს ერთი საზრისი გაუჩნდა. შენ ჩემთან აღარ ხარ- ამას მახსენებს აღქმული ხმები, სურათები და ყველაფერი ირგვლივ. წახვედი და დარჩა მხოლოდ სიცარიელე, რომელსაც ღამ-ღამობით ტკივილი ავსებს. წახვედი და მე დავკარგე ჩემი თავი. ვეღარ გპოულობ ვერც შენ და ვეღარც საკუთარ თავს. ზოგჯერ იმდენად ვიძირები ფიქრებში არარეალური სამყარო რეალურისგან განურჩეველი ხდება. ზოგჯერ მესიზმრები და შენი ხმა რეალურად ჩამესმის : ,,პერპენდიკულარულად გაყვანილი ქუჩის გასწვრივ, პარკის ბილიკზე ხეებს შორის ვდგავარ’’ მეძახი და მეც მოვდივარ. ვიღვიძებ და შუა ღამეს პერპენდიკულარულად გაყვანილი ქუჩის გასწვრივ, პარკთან მოვდივარ. ბილიკს გავყურებ და მხოლოდ ურთიერთგადაჭდობილი ხეები მოჩანს. ნამეტ შენ არ ჩანხარ. ხეების ფოთლების შრიალის ხმა ისმის ეს ხმა ვერ ავსებს ჩვენს შორის არსებულ სიცარიელეს. მენატრები, მხოლოდ ეს მაქვს სათქმელი. ყელში მძიმე ტკივილის ბურთი მაქვს გაჭედილი და ვერ ვეგუები კოსმოსში კვლავშერწყმულ შენს არსებობას. LI. Ar.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი