მაისი
მაისი მოვა. ურთიერთგადაჭდობილ ტოტებს ქარი შეარხევს,ქარის ხმა და ამ ხმას ზედ დართული ფოთლების შრიალი ვერ შეავსებს მანძილს ჩვენს შორის. მაისში იწვიმებს. წვიმის დროს,სანამ მიწა კარგად დასველდება, მანამდე გამომშრალ მიწაზე წვეთების შეხება მტვერს წარმოქმნის.მანამ სანამ ჰაერი წვიმის სუფთა სურნელით გაიჟღინთება, ჯერ მტვრის სურნელი იტრიალებს. მაისი გაგახსენებს ჩემს თავს. პირველ შეხვედრას. ერთად მიღწეულ სიმშვიდის აპოგეას, რომელმაც აღმოგვაჩენინა წვიმამდელი სურნელი.ფოთლებზე ფეხის დაბიჯების საოცარი ხმა და კიდევ მილიონი რამ,რაც მანამდე ჩვენი ყურადღების მიღმა იყო,აუტანელი აურზაურის გამო,რომელიც თავშია. შენ, მაისის ვარდის სურნელი მოიტანე.მოიტანე და დატოვე. პირველად მაისში მაჩუქე ვარდი, რომელიც მალევე დაჭკნა, მაგრამ სურნელი დღემდე ტრიალებს. მე ახლა მაისის ვარდების სურნელს ვგრძნობ, წვიმის ხმა ჩამესმის, ჰაერი უკვე გაიწმინდა. ვოცნებობ. უკან ვიხედები და მეღიმება, მეტირება, ვნანობ, ვნატრობ... ნეტავ ის დრო იყოს, ნეტავ ის წუთები,ერთად რომ ვიჯექით, აქ, ამ ადგილზე, არ გამოკეტილიყო აწმყოების სასუფეველში- წარსულში.. და მე ვოცნებობ... ვოცნებობ... ოდესმე, სადმე,ისევ გადაიკვეთოს ჩვენი ცხოვრების ხაზები.. რადგან ვიცი,წარსული არ დაბრუნდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი