#1
ერთ დღეს იღვიძებ და ხვდები, ფერადი წინდების ჩაცმას სიხარულისგან მეცხრე ცაზე აღარ აჰყავხარ. როცა ვარდისფერ მძივს იკეთებ, თავს ყველაზე ლამაზ არსებად აღარ გრძნობ. ამჩნევ, ვარდისფერი სამყარო მხოლოდ სათვალიდან ჩანს.ხვდები, როცა ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ადიხარ იქ არ რჩები, ვარდები და ძლიერად ეცემი, იმდენად ძლიერად რომ ტკივილს სხეულის ყველა ატომით გრძნობ. ნეტავ პირველად როდის გადმოვვარდი ბედნიერების მეცხრე ციდან, ან ის დღე როდის იყო, როცა ჩემი ვარდისფერი მძივი მოვიხსენი, ჩემი წინდები გავიხადე და ვარდისფერის გარდა სხვა ფერი შევამჩნიე. ცუდად ყოფნის დროს თეორიებს ვაყალიბებ ხოლმე, რომ უფრო ცუდად არ გავხდე და თავი არ დავკარგო. ერთ-ერთი ასეთი თეორიის მიხედვით : 13 ნოემბერს უმიზეზოდ სევდიანი და ძალა დაკარგული იმიტომ ვიყავი,რომ ამ დღეს ჩემმა პატარა მემ გაიკეთა ვარდისფერი მძივი და პირველად აღარ იგრძნო თავი ლამაზად. ქვეცნობიერი იმ გარდამტეხ დროს გლოვობს,როცა გაიზარდა. გარდამავალი წამები ახსოვს და ახლა რაღაცნაირად გაიძულებს იგლოვო, ოღონდ ისე რომ შენ არ იცოდე რას გლოვობ. ჩემს თეორიიას ვერასდროს დავადასტურებ . მაგრამ თავის გააზრებულად მოტყუებისთვის კარგია. პირველ დღეს, როცა საწოლიდან ვერ ვდგები და არსებობაშიც კი ეჭვი მეპარება, მოჰყვება მეორე დღე, როცა საწოლიდან ვდგები და საკუთარ თავს არ ვუბრაზდები "უმიზეზო " ცუდად ყოფნისთვის. რადგან ეს ის დღეა, ზემოთ რომ ვახსენე. საწოლს ვასწორებ, თმებს არა, გავდივარ და ადამიანებს ვერევი, ისე როგორც ეს სუპერგმირებს ჩვევიათ. თამაშია. მადლობა, ვინც ამდენი დრო დაახარჯეთ ჩემი თეორიის წასაკითხად. ვინც ნელა კითხულობთ, თქვენ განსაკუთრებით, რადგან თქვენ უფრო მეტს დახარჯავდით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი