გაფუჭებული ყურსასმენი
პირველი ცუდი ამბავი, რაც დილით, სახლიდან გამოსვლის დროს შეიძლება თბილისში შეგემთხვეს არის აღმოჩენა, რომელიც შეეხება იმას, რომ ყურსასმენი არ მუშაობს. ბებიაჩემი სულ ამბობს, რომ ყურსასმენები ცუდია, გთიშავთ ახალგაზრდებს, არ ხართ ყურადღებით, ავარიებია, ვაია, უია და ა.შ. ამას მარტო ბებია არ ამბობს, უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ზოგადად ვერ იტანენ უმცროსებს, ამას ხშირად მოიშველიებენ ხოლმე, მაშინ როცა სილენჩეს უსვამენ ხაზს (მაგალითი: „ეს ყურში რო რაღაც აქვთ გარჭობილი, მაგან დაალენჩა) ეს მითხრა ერთხელ კონტროლიოლმა, როცა ავტობუსიდან ჩამოსვლის დროს, ჩემი ყურადღება ვერ მიიქცია „ იქნებ რამე კარგს გეუბნები, რას უსმენ ასეთს“ ორი რამეა : 1. ყურსასმენები არაფერ შუაში იყო იმ დროს, ჩემი იგნორი უკავშირდებოდა იმას, რომ მაგვიანდებოდა- დაგვიანება ქალაქის „ტრაფიკებს“ - შესაბამისად სულ არ მცხელოდა ვინმეს ყურადღებისთვის; 2. იმ დროს ნიკ ქეივს ვუსმენდი და შეუძლებელია ვინმემ მაგას აჯობოს ამბებში. ხო, მოკლედ იმას ვამბობდი, რომ ყურსასმენების გაფუჭება ცუდი ამბავია. რომელიც მე შემემთხვა და ამ შემთხვევამ განაპირობა ის, რომ ყოველ დილით ნიკ ქეივის ნაცვლად ქალაქის ხმებს ვუსმენ. ვუსმენ, ვუსმენ, ვუსმენ დაა ბევრი რამე გავიგე, ამიტომ გახდა აუცილებელი, ეს ინფორმაცია არ ჩამეტოვებინა, გამემჟღავნებინა და ბევრი არ მეფიქრა(ეს ცუდიც შეიძლება იყოს) ვინაიდან და რადგანაც გაგიჟება შეიძლება. ისეთ ქაოსურ ხმებს გამოსცემს ქალქი. პირველი დღე კოშმარული იყო. სამი აბი ციტრამონი დავლიე, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი „თავში სისხლი არ ჩაგექცეს, გთხოვ, უცებ გავა სამი დღე, ყურსასმენებს იყიდი“ იმ დღეს არაფერი მომისმენია, ყურებში ხმაურის გამო გამოწვეული გაბმული წუილის გარდა. მეორე დღეს უნივერსიტეტისკენ წასვლის დროს „მომესმენინა“ მეტროს ვაგონში მოწყალების მთხოვნელი კაცის ხმა - „ერთი წლის შვილი მყავს ავად“ - ორი წელია აქ ვარ, ეს კაცი ხშირად შემხვედრია, იგივე ბანერით, ვინანე რომ ადრე არ მომისმენია, რადგან გადავამოწმებდი ყალთაბანდობს თუ არა „ნეტავ პირველად რომ ვნახე, ორი წლის წინ, მაშინაც ერთი წლის ბავშვი მყავს ავადს ამბობდა? ‘’ ამ ფიქრს თან ახლდა სინდისის ქენჯნა „ იქნებ არ იტყუება, იქნებ უჭირს, იქნებ .. იქნებ..“ ბეvრი იქნებ იყო, ძალიან, ძაააალიან ბევრი, მაგრამ ეს კაცი მაინც არასანდო ჩანდა ჩემთვის. ფიქრების კასკადი მეტროდან ამოსვლისთანავე გაქრა, ჟანრი არ შემიცვლია, თავი ამტკივდა და უბრალოდ რობოტივით, მექანიკურად გავექანე (მართლა, რადგანაც მაგვიანდებოდა, იმის გამო რომ ხროვას თავი ვერ დავაღწიე, ნაცვლად რუსთაველისა, თავისუფლებაზე ჩამოვედი, ამან დრო დამაკარგვინა) უნივერსიტეტისკენ. მესამე დღე, უფრო მეტად მშვიდი აღმოჩნდა, მეტროდან ამოსვლის შემდეგ, უნივერსიტეტამდე ვუსმინე. ჩემს მელომან მეს ეძინა, თავს უცნაურად ვგრძნობდი,ჯერ მეუცხოებოდა ეს ხმები, მერე და კარგად გამოძინებულიც ვიყავი, უკან მივყვებოდი ორ გოგოს, რომელიც საუბრობდნენ წიგნებზე -„აუუუ, ამ ფროიდს გულს ვერ ვუდებ, რას ვაბარებდი ამ ფსიქოლოგიურზე“. -„ფროიდი არ ვიცი, მაგრამ ახლა დავიწყე ერთი მაგარი წიგნის კითხვა....“- მერე არ მომისმენია რა წიგნის კითხვა დაიწყეს, გადავასწარი. მივუახლოვდი ბებოს „ლიმონი, სამოცი თეთრი ღირს, ისედაც კაპიკებია და შენ ამაზე წუწუნებ“- ვიღაც ქალს ეჩხუბებოდა. ჩავიარე, სკამზე უცნაური მოწყალების მთხოვნელი იჯდა „გოგონა, ძალიან მინდა კოკა-კოლა... მიყიდე ’’ - დავტორმუზდი. დაუფიქრებლად შევედი მაღაზიაში, ჩემი ზუსტად განაწილებულ ბიუჯეტიდან 1.80 ავიღე და იმ ქალს ის კოკა-კოლა მივუტანე. გული დამწყდა, მადლობის ნაცვლად, ნეტა ფანტაც წაოგეღო რომ მითხრა, დავიკიდე, ჩემი ხურდები ავაჩხარუნე, ლარი მივეცი და გზა გავაგრძელე. ისევ ის კაცი წარმომიდგა თვალწინ, ,,ერთი წლის შვილი მყავს ავად“-იმას ხურდა არ ჩავუგდე, არადა ერთი წლის შვილი ჰყავდა ავად, მე არ დავიჯერე მისი მტკიცების, რომ ერთი წლის შვილი ყავდა ავად, რადგან ადრეც შემხვედრია და მაშინაც შესაძლოა მექანიკურად იძახდა ამას, სენტიმენტები რომ გამოეწვია. ეს ქალი კიდე არ მალავდა რაც უნოდა, მერე რა რომ მადლობა არ მითხრა, ის მთხოვა რაც უნდოდა და მიიღო. იმ კაცს რომ ეთქვა, „მეეეე ერთი ზარმაცი კაცი ვარ, ან ფული მომე სასმელი რომ ვიყიდო, ან მიყიდე რამე ალკოჰოლური“ ჩავუგდებდი ხურდას (დიდი ალბათობით) მაგრამ ის არ ამბობდა ამას, იტყუებოდა... ნუ ამის მწამდა იმ წამს და ამის მწამს ახლაც. თუ ამ ყვეაფერს ვაბრალებ ცუდი ადამიანი ვარ. მაგრამ რა ვქნა? მოკლედ, კოკა-კოლის შემდეგ რატომღაც მომინდა კითხვის თემას დავბრუნებოდი, ვინაიდან გაზათების ჯიხურს ჩავუარე „ერთი ღერი სიგარეტი რა ღირს“ - ერთი ღერი სიგარეტი რა უნდა ღირდეს თქვენი აზრით? ამ ბოლო დროს, კითხვა დავიწყე. აქამდეც ვკითხულობდი მაგრაკ ამდენს არა, ახლა ყველგან ვკითხულობ - ზოგჯერ ბეჭდურად. ზოგჯერ ხელის გულზე ვიტევ ბიბლიოთეკას-გაჯეტით, რომლის ეკრანიც ბზარებითაა შელამაზებული- არ ვიცი ზუსტად რამ გააღვივა ჩემში ასე მძაფრაღ ეს სურვილი უვიცობამ დამღალა? დაგცინი. შეუძლებელია ეს განცდა ჩაახშო, თუ ჩაახშე პრობლემაა.- დაუკრეფავში გადადიხარ შეუძლებელია უვიცობის ორმო ამოავსო მთელი ცხოვრება ამის მცდელობაა- მე ეს გააზრებული მაქვს, ზედმეტად უნებისყოფო ვარ იმის ამოვსებას შევეცადო,მაშინ როცა ვიცი რომ არ აივსება. შეიძლება მინდა ოდნავ უკეთესი ვიყო, ვიდრე დღეს ვარ. მაგრამ ამისთვის მხოლოდ აზრობრივად გამოსადეგ წიგნება არ უნდა ვარჩევდე? კი. ეს ასე არ არის, ზოგჯერ ვხვდები სიუჟეტი "თრეშია"(ჟარგონებით საუბარი ამ ჟანრით გავითავისე ) ეს უკვე მინახავს, აქ არაფერია. მაგრამ ბოლომდე გავდივარ, წიგნი ჩემი წაკითხული წიგნების სიას ემატება. მერე სიამაყით ვიტყვი 82824638ცალი წიგნი მაქვს წაკითხული. ბაჰ და რა? მემგონი ცნობისმოყვარე გავხდი. ან რაღაც გარდატეხა ხდება, ენივეი, ქუჩას დავუბრუნდეთ. მეოთხე დღეს,.. არ მიყიდია ყურსასმენები, გამიტაცა ხმებმა, ღრმაღელის მეტროში ჩავედი, ვაგონში შევედი და უკვე შეგუებულ, უცხო სახეებს დავაკვირდი, უკან შემომყვა პატარა, გალეული, ზედმეტად ფერმკრთალი ბიჭი, ,,ხუთი- ათი თეთრით დამეხმარეთ“ მისი სუფთა ხელები, ფეხსახმელები შევათვალიერე, მაგრამ... მისი გამომეტყველება, დახველება, არც კი მიფიქრია რომ თაღლითობდა, ვგრძნობდი რაღაც ცუდი ხდებოდა მის თავს. ჩამოიარა, თავი ჩახრილი ჰქონდა, ყველაზე საოცრება ის იყო, მისკენ წასულ, მისივე თანატოლ ბიჭს ხურდა არ გამოართვა... „არა, არ მინდა, იყოს“ - მართლა უჭირდა, რაღაც ვერ იყო მის თავს კარგი, მაგრამ მაინც იმდენი საკუთარი თავი ჰქონდა, რომ თანატოლისგან ფულის გამორთმევის იდეა არ მოეწონა. პირველად მომინდა, ჩავხუტებოდი ვიღაცას, ასე ძალიან. სულ მემახსოვრება ეს სცენა... სულ ვინანებ, ფული მხოლოდ ბარათით რომ დამაქვს, ნეტა ხურდებ მქონოდა, ნეტა კამფეტები მაინც... „არა, არ მინდა იყოს“ - მისი სუსტი ხმით ამოთქმული ეს ფრაზა ჩამესმის. „არა, არ მინდა იყოს“ იმ ბიჭის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. „არა არ მინდა იყოს“ - ბიჭს, ხურდა დედამ გამოართვა, ამ ბავშვს დაეწია და ის ხურდა მაინც მისცა. იმ ბიჭის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა... მაგრამ „არ მინდა იყოს“. ცუდია ყურსასმენების გარეშე, მაგრამ არა, არ მინდა, იყოს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი