ნაპოვნი სამოთხე
მე შენ გიპოვე, მე იქ გიპოვე, სადაც არასდროს მოველოდი შენს გამოჩენას. სულში აყვავდნენ ნარცისები და სიხარულის თვალ-სარკმლიდან დანახულ ზღვაზე სხივმა დახატა ოქროსფერი ოცნების ნავი. მე შენ გიპოვე! ეს სიცოცხლეა, პირველყოფილი სიხარულით აღტაცებული! ეს ცხოვრებაა ხელმეორედ დამბადებელი! რად გვინდა სიტყვა, სიტყვა ახლა უსუსურია! ამ სინამდვილეს სიტყვა მხოლოდ მისხალსა ჰპარავს და შორით უმზერს წყვილ თვალთა შორის ამოუცნობი ნაპერწკლების ისართა ქროლვას. აქ დასასრული არ შეიძლება, რადგანაც ირგვლივ სუყველაფრის დროა ბატონი, რაც არის ახლა, ცოტა ხნის მერე მას დაერქმევა უკვე წარსული. ახლა კი … ჩუმად! ხელი ჩაჰკიდეს ერთურთს ბავშვებმა, ორმა სამყარომ, ორმა პლანეტამ და სინათლეში გადადგეს ბიჯი! რაღა თქვას სიტყვამ, როცა იგი უსუსურია, უსუსური და ცოდვის ტვირთით დამძიმებული. უსიტყვო გრძნობა ვარსკვლავივით ბრდღვიალებს ცაზე, ჩემს აღმოჩენილ სამოთხეში გაბრწყინებული. მე შენ გიპოვე, მე იქ გიპოვე, სადაც არასდროს მოველოდი შენს გამოჩენას და თუ მზისათვის გაიხსნება გულის ფანჯარა, ან თუ უეცრად აფეთქდება ყინულზე ვარდი, ეს არც მითია, არც ზღაპარია, მე შენ გიპოვე! მე შენ გიპოვე, ვით უფლის მადლი და მიხარია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი