საქართველო 1991


დრო დადგა,, ბრძენი შტერმა გარიყა,
სიწმინდე იქცა ეშმას ტარიგად,
მიწის ვენიდან ამომომსკდარმა
	წითელმა ხარმა
მთელი მსოფლიო შეაზანზარა.
(მაშინ ამ ფერში აშენებდნენ
	კომუნ-ქარხანას!)
გაშინდისფერდა მერე დროშა, 
	დაწვეს წითელი,
კვლავაც  აშტერებს არემარეს
	დღეის ქაოსი:
ყველა მეფეა უგვირგვინოდ,
	უჭკვოდ, უგვაროდ,
ან მესიაა აწეწილი სააქაოსი!
ვერ ინაწილა ტახტრევანი
	ორმა ქართველმა,
არ დაიშურეს ერთურთისთვის
	ქვა და ტალახი,
ღალატითა და ტყვიის წვიმით
	ერთმანეთს თავზე
ჩამოაქციეს საქართველოს დედაქალაქი.
რით მოისვენოს გაბზარულმა
	რწმენამ, იმედმა?
რა გააჩერებს აბორგებულ
	წკვარამ - ჩანჩქერებს,
	ვის ენდოს გული, 
ერთგულებას ვინ დააჯერებს,
ან ამ გაწეწილ წყეულ ღამეს
	რა გაათენებს?!
ზამთარმა ჩვენში ათასმაგად
	მოიზამთარა,
მაწუხებს სუსხი, მიწავ ჩემო,
	ამიტომ ვჩივი;
	დაინგრეს ძველი, 
დასანგრევი თუკი გამხდარა,
	 გადარჩეს რწმენა,
ჭეშმარიტი ცხოვრების სხივი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი