იფხიზლე სულო


იფხიზლე სულო, ილოცე სულო,
ილოცე, სანამ არ არის გვიან,
სიწმინდის მადლი ითხოვე გულო,
გიყვარდეს, რასაც სიმართლე ჰქვია!
ის არის ერთი - ყოვლისმხედველი,
ყოვლადძლიერი სამყაროს მართავს,
გამოთქმით, უხმოდ, ჩურჩულით, მღერით,
ყოველი ენა ადიდებს მართალს.
ყოველი სული ადიდებს უფალს,
ყოველი არსი, ფრინველი, მწერი,
მას, ვისაც ყველა ცოდვილი უყვარს
და ცისკარ-მნათი ღიმილი შვენის.
ილოცე სულო, თუ შვება გინდა,
ჩურჩულით, მღერით, არსებით მთელით,
ატარე გულით სიცოცხლე წმინდა
მაცხოვრის სახე - მზიანი მზერით!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი