საქართველოს ბეთლემში


ძლიერ ფესვზე ამოსული
საქარაოდა,
საქართველოს ბეთლემს შინა
ნერგი ყვაოდა.

ერთი ხელი ცისკენ ჰქონდა,
სივრცეს გაენდო,
მეორე კი… გადაკაწრულ
გულზე დაედო.

უწიგნურთა უმეცრების
არაკეთილი,
საქმის ხმლით და სიტყვის შუბით
იყო მკვეთელი.

გულს უხრავდა ქვეყნის ტანჯვა-
მრუდე დინება,
ამიტომაც შეჩვეულ ჭირს
როდი მინებდა;

სიყვარულის ცხარე ცრემლით,
სიბრძნით ინება -
ერის ავად შეჩენილი
ნაკლის მხილება.

ნააკვნარო, იამაყე,
ფრთები გაშალე,
ავბედობის ავი ფიქრი
გზიდან გასცალე!

და თქვენც, ჰეი, ყვარლის მთებო,
სდექით მყარადა!
წმინდა სული ილიასი
გიდგათ ფარადა!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი