წერილი ძმას


გახსოვს, ძმაო, მე და შენ რომ
პატარები ვიყავით?
ლაჟვარდები ჩვენს თვალებში
ოცნებებად ბრწყინავდა.
     ყმაწვილური აღტაცების
უსწრაფესი ხომალდით
ვითენებდით ყოველ დილას
სიხარულის დილადა.
     გახსოვს? ფიქრი გაუმხილე
არეს უკიდეგანოს.
შენ ამბობდი: - მომისმინეთ,
დაბლობო და ზეგანო!
     აღმოვაჩენ მუდმივ ძრავას,
გამიცნობენ ყველგანო,
უსათუოდ გამოდნება
მეცნიერი ჩემგანო!..
     ჩაიარა ბევრმა წყალმა,
აგერ გზებიც გაყრილა,
დრომ ყოველი ნაფიქრალი
დიდ საცერში გაცხრილა…
     შენ შორსა ხარ, უცხო ტომის
ფესვს ახარებ ნერგისა,
და თუ კვლავაც შენი ქვეყნის
ზეცის ნახვა გეღირსა -
     სიხარულით აამღერებ
შენს ბუკსა და ნაღარას,
მაშინ იგრძნობ, რა ძალა აქვს
მშობლის სპეტაკ ჭაღარას…
დაუბრუნდი მშობელ მხარეს
შენი სულის ლხინადა…
კვლავ მოვძებნი იმ ლაჟვარდებს,
შენს თვალში რომ ბრწყინავდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი