ის, რაც მიკვირს


ამაყი ყვავი მეზობლის კაკალს
უმაღლეს წვერზე დააჩნდა ლაქად.
მოჩანდა, თითქოს ემოსა ფრაკი,
რაღაც რიტმული მორთო რაკრაკი.

პოეტიაო,  ამბობდნენ რაკი,
მივუგდე ყური, მივაპყარ მზერა;
ჰფანტავდა სიტყვებს გულუხვ ჩანჩქერად,
უმსგავსი ჰანგის ისმოდა ჟღერა...

და დროსაც როდი ჰკარგავდა ფუჭად;
მოკრეფდა კაკალს სულ მუჭა-მუჭა,
არ მოსდიოდა თუ ვინმე თვალში,
იმ კაკლებს ხიდან უშენდა თავში.

და …გულუბრყვილოდ  მაკვირვებს დღემდე,
რატომ ნათლავენ ჩხავილს გალობად,
ვით უთავსებენ ზოგნი ერთმანეთს
პოეტობას და ინტრიგანობას!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი