ახალი ხმა


სულთა უდაბნოს ესალმება
ბალახის ღერი -
იმედიანი, სხივიანი
მწვანე სიმღერით.
ხმები ბევრია:
სადღაც წივის ქვეწარმავალი,
ოხრავს კაქტუსი, ბრდღვინავს ლომი,
აქლემი ყვირის,
ბალახი დილის - მოვიდა, რათა
უამრავ ხმათა
შემოუერთოს მუსიკა ლირის.
ირგვლივ სივრცეა უმოწყალო,
უმისამართო,
უხვია ქარი - ოქროს ქვიშით
გადარეული,
ცოტაა სადმე ოაზისი,
ნავსაყუდელი,
გრძნობის მეგზური,
მეოხებით წყალდალეული.
ცხარე თონეა მორიელის
ძვირფასი ბინა,
გესლჩაგუბებულ სამზერისს რომ
ააკვასკვასებს…
ლირიკა რაა, ნანასავით ჩაესმის ყურში
ქარი ერთურთს რომ შეალეწავს
ქვიშის კარკასებს.
ასეთ უდაბნოს ესალმება
ბალახის ღერი ,
თავისებური, სხივიანი
მწვანე სიმღერით.
იცის მოსურნემ ახალი დილის;
ზოგი რომ ბრდღვინავს,
ზოგი ოხრავს,
ზოგი კი ყვირის…
მოვედი, რათა უამრავ ხმათა
შემოვუერთო
მუსიკა ლირის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი