ნეკნის სინანული


როდესაც მიმძიმს
ქალური ტვირთი,
შიშით რომ ველი
ახალ განთიადს,
გატეხილ ბინდში
შთენილი ვითვლი
წუთებს, უშენოდ
რომ მიფანტია.
არა ხარ ჩემი
სისხლი და ხორცი,
არც ნათესავი
და არც მოგვარე,
ადამ, მე შენთვის
ვინც შემქმნა ლოცვით,
ვნანობ, ის ვაშლი
რატომ მოვპარე!
მამძიმებს ცოდვა,
წყეულთან ფლირტი,
სამდურავს ვისმენ
წმინდანთა ხმაში:
ვარდს რად აშორე
უშლელი კვირტი?
ციდან მოსული
დაბრუნდა ცაში!
და თუკი მიმძიმს,
რატომღა მიკვირს,
მერგუნა, ყოფნას
უნდა ვჩიოდე,
მაგრამ კლდეზე რომ
მიმახლის ზვირთი,
შენი ნეკნი ვარ,
უნდა გტკიოდე!
ადამ, შენი ვარ,
უნდა გახსოვდეს!
თორემ ჩვენს თავში
ჩაძირულები
უერთმანეთოდ
დავიღუპებით
მარტოობისთვის
განწირულები!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი