მეეტლე- დრო
(ერთ მდინარეში ორჯერ ვერ გახვალ) მარადიული ცვალებადობით სამყარო იბრძვის საკუთარ თავთან, უცვლელად სახლობს ცბიერი კატა მზერაში თვალთა, ვერაგთა ავთა. ხანდახან ხდება: ნდობას და რწმენას დაეფარება შავი ვერსია, და ბოროტ ნებას ვეღარ ერევა კეთილი ნება, ვერც ეკლესია. და ის, რაც ხდება, ხდებოდა მუდამ, წარსულის მუნჯი ესემესია… ერთ მდინარეში ერთხელ გასული მეეტლე მიდის უახლეს ხიდზე, დაეძებს უფალს, ლოცულობს, უყვარს… თვალი კი რჩება აკრძალულ ხილზე... ასედაც ხდება… ხელგაშლილობას აუფერულებს ბნელი ვერსია… და გულს გაბზარულს ვეღარ ამშვიდებს თბილი ნუგეში, ვერც ეკლესია… მიტევება რომ გვესწავლა კაცთა, მისთვის ეწამა ჯვარზე მესია. მეეტლე მიჰქრის უსწრაფეს ქროლვით, სრბოლა ხომ დროის განაჩენია!.. მზით როა სავსე თვალ-გული, ბროლი , კეთილი ნების გადამრჩენია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი